10 ფილმი რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

იპოვე ფილმი

არსებობს კარგი და ცუდი ფილმები, და ასევე არსებობს ნამდვილი შედევრები რომლებმაც კინოინდუსტრია ახალ საფეხურზე აიყვანეს და უბრალოდ ხელოვნების განსაკუთრებულ ნამუშევრებად იქცნენ. საბედნიეროდ, ასეთი საკმაოდ ბევრი ფილმია, ამიტომ დღეს მხოლოდ მათი ნაწილის შესახებ გვექნება საუბარი.

წარმოგიდგენთ 10 ფილმს, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს.

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (1975)

რომელი ფილმით უნდა დავიწყოთ დაუვიწყარ ფილმებზე საუბარი, თუ არა ლეგენდარული ჯეკ ნიკოლსონის არანაკლებ ლეგენდარული შესრულებით. ფილმი პატრიკ მაკმერფის, ნამდვილი დაუმორჩილებელი სულის შესახებ მოგვითხრობს რომელიც სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში მოხვდება. თავიდან ის სისტემას ებრძვის, მაგრამ მალევე პატრიკი სხვა პაციენტებთან ერთად დაწესებულებიდან გაქცევს გადაწყვეტს. საბოლოოდ, ის სრულიად სხვა სახის თავისუფლებას იპოვის!

კრავთა დუმილი” (1991)

კიდევ ერთი დაუვიწყარი ნამუშევარი და ამჯერად უკვე ენტონი ჰოპკინსი. ფილმის სიუჟეტი კლარისა სტარლინგის, ფედერალური ბიუროს სტაჟოორის გარშემო ვითარდება რომელიც მზადაა შევიდეს მკაცრად იზოლირებულ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სადაც მანიაკ კაციჭამიად ქცეული ფსიქიატრის, ჰანიბალ ლექტერის დაავადებული გონება უნდა შეისწავლოს. საუბედუროდ, ყველაფერი ლექტერის გაქცევით სრულდება…

ქარწაღებულნი” (1939)

დაუვიწყარი სასიყვარულო რომანი, რომელიც ამერიკის XIX საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ვითარდება სკარლეტ ო’ჰარასა და რეთ ბათლერის გარშემო. ფილმი შორეულ 1939 წელს არის გადაღებული, მაგრამ მაყურებლის აღტაცებაში მოყვანას კვლავაც განაგრძობს.

ამერიკული სილამაზე” (1999)

ფილმი ლესტერის, 40 წელს მიტანებული ადამიანის გარშემო ვითარდება, რომელსაც შუახნის კრიზისი გამუდმებით ტანჯავს. ლესტერის ცხოვრებას აზრს ახალი გატაცება – მისი შვილის ახალგაზრდა მეგობარი აძლევს, რომლისთვის თავის მოსაწონებლადაც ლესტერი ყველაფერს აკეთებს, სანამ ის საკუთარ ცხოვრებაში ნამდვილ სილამაზეს არ დაინახავს. კევინ სფეისის ძალიან კარგი თამაში გულგრილს არავის დატოვებს.

ქსელი” (1976)

სატელევიზიო არხის მფლობელები ყოფილი ტელე-წამყვანის ფსიქიკური აშლილობის დროს ნაბოდვარსა და გულახდილობას საიმისოდ იყენებენ, რომ მათი რეიტინგები აიმაღლონ და კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ. ფილმი შავი სატირის ჟანრის ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც დღევანდელობას იდეალურად ერგება და თანამედროვე მედიის ბნელ მხარეებს ძალიან კარგად აღწერს.

გოგონა მილიონ დოლარად” (2004)

ფილმი რომელიც გვანახებს რომ მონდომებასა და თავდაუზოგავ შრომას შედეგი ყოველთვის მოსდევს. სიუჟეტი ახალგაზრდა მიმტანის გარშემო ვითარდება, რომელიც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ რათა პროფესიონალი მოკრივე გახდეს, ამაში კი მას არანაკლებ მიზანდასახული მწვრთნელი ეხმარება. და მაინც, არის მომენტები, როდესაც ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული…

ინგლისელი პაციენტი” (1996)

ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვითარდება. ახალგაზრდა ექთანი ომში დაჭრილ ჯარისკაცს უვლის, რომელსაც მისი დიდი საიდუმლო ჭრილობაზე მეტად სტანჯავს. რალფ ფინესმა როლი უბრალოდ უბადლოდ მოირგო.

ჩინური კვარტალი” (1974)

კიდევ ერთი ფილმი ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით, მაგრამ ამჯერად სცენარში ყურადღება ახლგაზრდა კერძო დეტექტივისკენაა მიმართული, რომელიც ცოლ-ქმრული ღალატის საქმეს იძიებს და მკვლელობის სქემას გადააწყდება. ფილმის რეჟისორი ლეგენდარული რომან პოლანსკია.

როკი” (1976)

შეიძლება მსგავს სიაში კრივზე ერთდროულად ორი ფილმის ნახვა გადამეტებულად გეჩვენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე უბრალოდ ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევართან გვაქვს რომელმაც ნამდვილი ეპოქა შექმნა. ფილმი როკი ბალბოას შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უდიდესი შანსი – ჩემპიონთან ბრძოლის შესაძლებლობა ეძლევა. ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რასაც პირველ რიგში სილვესტერ სტალონეს უნდა ვუმადლოვდეთ.

ლა ლა ლენდი” (2016)

და ბოლოს, ყველაზე ბოლოდროინდელი ნამუშევარი ჩვენს სიაში, რომელმაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება და დიდი პოპულარობა ტყუილად არ მოიპოვა. ფილმი პიანისტის და დამწყები მსახიობის სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ ააწყონ ურთიერთობა და პარალელურად, იპოვონ ბალანსი მათ გრძნობებსა და ამბიციებს შორის.

წყარო: brightside.me

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე