“მარველს” დიდი საიხლეები აქვს: “გალაქტიკის მცველები 3”, ზენდაია ახალ “ადამიან-ობობაში” და სხვა

სიახლეები

გასული რამოდენიმე დღე “მარველის” სამყაროს გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. ინტერნეტში მიყოლებით ერთმანეთზე საინტერესო სიახლეები გავრცელდა, რომლებიც კომპანიის უახლოეს გეგმებს შეეხება. გასულ კვირაში უკვე დავწერეთ თუ როგორი შეიძლება იყოს “ადამიანი-ობობა 3”, რომელშიც შესაძლოა სამივე პიტერ პარკერი ვიხილოთ. ამჯერად გვსურს კიდევ რამოდენიმე საინტერესო სიახლე შემოგთავაზოთ, თუ რას უნდა ველოდოთ “მარველისგან” უახლოეს მომავალში.

“გალაქტიკის მცველები 3”: გამოსვლის თარიღი ცნობილია

ჯეიმს განმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენჩაიზის მესამე ნაწილს მაყურებელი 2023 წელს იხილავს. მაყურებელი ფილმის გამოსვლას უკვე დიდი ხანია ელოდება, მაგრამ ჯეიმს განის პროექტიდან ჩამოშორებამ ყველაფერი გაართულა. საბოლოოდ, რეჟისორი პროექტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება, მას შემდეგ რაც “თვითმკვლელთა რაზმის” მეორე ნაწილზე დაამთავრებს მუშაობას, რომელიც დიდ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

ფრენჩაიზის პირველი ფილმი მაყურებელმა შორეულ 2014 წელს იხილა, ხოლო “გალაქტიკის მცველების” მეორე ნაწილი 2017 წელს გამოვიდა. როგორც ხედავთ, მესამე ნაწილის გადაღება მართლაც ძალიან დაგვიანდა.

“ადამიანი-ჭიანჭველა”: ფრენჩაიზის მესამე ნაწილი

სიახლეებია “ადამიანი-ჭიანჭველას” ახალი ნაწილის შესახებაც. “მარველმა” ოფიციალურად დაადასტურა ფრენჩაიზის მესამე ნაწილის დიდ ეკრანებზე გამოსვლა. მესამე ფილმის სახელწოდება “Ant-Man and the Wasp: Quantumania” იქნება.

როგორც ცნობილია, მესამე ნაწილი წინა ორის ერთგვარი “გაერთიანება” იქნება. “ადამიანი-ჭიანჭველა” და “კრაზანა” გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდებიან “მარველის” სამყაროს ერთ-ერთ უძლიერეს ანტაგონისტს, “კანგს”.

“დოქტორი სტრეინჯი 2” და “ადამიანი-ობობა 3” ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებულნი

ახალი აღარავისთვის არის, რომ “დოქტორი სტრეინჯი” “ადამიანი-ობობას” ახალ ნაწილში დაბრუნდება და მოვლენების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს, თუმცა როგორც ჩანს “მარველი” მაყურებელს კიდევ უფრო დიდ სიურპრიზებს უმზადებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი სუპერგმირის სამყაროს ერთმანეთთან ძალიან ბევრი გადაკვეთა ექნება. შესაბამისად, “დოქტორი სტრეინჯი 2” და “ადამიანი-ობობა 3” ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებულნი.

ალფრედ მოლინა “დოქტორი ოქტოპუსის” როლს კიდევ ერთხელ მოირგებს

კიდევ ერთ სიახლეს “ადამიანი-ობობას” ახალ ნაწილში ძველი ანტაგონისტის დაბრუნება წარმოადგენს. ალფრედ მოლინა, რომელმაც ტობი მაგუაიერის “ადამიანი-ობობა 2“-ში ერთხელ უკვე მოირგო მთავარი ბოროტმოქმედის როლი, ამჯერად უკვე ტომ ჰოლანდის “ობობას” გააწამებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა როლი ექნება “დოქტორ ოქტოპუსს” ფილმში და როგორ წარმოუდგენია სცენარის ავტორს მისი პერსონაჟის განვითარება.

ზენდაიამ არც უარყო, და არც დაადასტურა

ცოტა ხნის წინ ზენდაიას ლაივ-შოუში კითხეს, მიიღებდა თუ არა ის როლს ახალ “ადამიან-ობობაში”. ზენდაიამ ტომ ჰოლანდის “ადამიან-ობობაში” ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა.

“არც ვუარყობ და არც ვადასტურებ” – ასეთი იყო მსახიობის პასუხი კითხვაზე, მოირგებდა თუ არა ის “ადამიანი-ობობას” სამყაროში როლს კიდევ ერთხელ.

წყარო: movieweb.com, screenrant.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე