გალ გადოტი კლეოპატრას როლს მოირგებს

სიახლეები

როგორც ჩანს გალ გადოტი პატი ჯენკინსთან ერთად კიდევ ერთხელ იმუშავებს. “ქალი-საოცრების” რეჟისორი და მთავარი ვარსკვლავი ამჯერად ერთად Paramount Pictures-ის “კლეოპატრაზე” იმუშავებენ.

აშკარაა, რომ გალ გადოტს წინ კიდევ ერთი დიდი როლი ელოდება. მსახიობი უკვე სამჯერ გამოჩნდა “დისის” სამყაროში, ხოლო მისი მეოთხე ნამუშევარი – “ქალი საოცრება 1984” ჯერ კიდევ პრემიერას ელოდება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გადოტს პატი ჯენკინსთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწევს მუშაობა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ პროექტს, “კლეოპატრა” დიდ ეკრანებზე ერთხელ უკვე გამოჩენილა, 1963 წელს. მისი რეჟისორი ლეგენდარული ჯოზეფ ლეო მანკევიჩია. ფილმი ძალიან წარმატებული გამოვიდა, მოიპოვა რა 9 ოსკარის ნომინაცია, საიდანაც ოთხში გამარჯვებაც იზეიმა. ამასთან, 1963 წლის ვერსია იმ წლის ყველაზე გაყიდვადი ფილმი იყო, ხოლო მისი ბიუჯეტი იმ დროის სტანდარტებით უბრალოდ წარმოუდგენლად დიდი. ფილმის გადაღებებმა იმდენად დიდი სახსრები მოითხოვა, რომ კინოკომპანია 20th Century Fox თითქმის გაკოტრდა.

ყველაფერ ამის შემდეგ, ცხადია მაყურებელი ძალიან დიდ ნამუშევარს ელოდება, მოლოდინების გამართლება და წინა ვერსიის ჩრდილიდან გამოსვლა კი უძნელესი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს კინოკომპანიას გამოწვევა არ აშინებს და მზადაა კიდევ ერთი ფილმი შესთავაზოს მაყურებელს კლეოპატრას შესახებ.

ფილმის დიდ ეკრანებზე გამოჩენის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ გავრცელებული ხმების მიხედვით სცენარი უკვე მზად არის, ამიტომ გადაღებებიც ძალიან მალე აიღებს სტარტს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე