საინტერესო ფაქტები “დაკარგულებზე”: სერიალის გამოსვლიდან 16 წელი გავიდა

საინტერესო

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ 2004 წელს გამოსული სერიალი “დაკარგულები” უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია ისტორიაში. გამოსვლის დღიდან სერიალმა ძალიან ბევრი გულშემატკივრის გული მოინადირა. 22 სექტემბერს ზუსტად 16 წელი გავიდა სერიალის გამოჩენიდან, მის საპილოტე ეპიზოდს კი რეკორდული, 18.6 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ვფიქრობთ, დროა 16 წლის შემდეგ სერიალი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ამიტომ რამოდენიმე მეტად საინტერესო ფაქტის შემოთავაზება გადავწყვიტეთ. ვინ იცის, იქნებ მისი ყურება კიდევ ერთხელ მოგინდეთ?!

  • სახელი: თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ სერიალს “არსად” უნდა რქმეოდა და ეს სახელი ოფიციალურ სახელწოდებადაც დამტკიცდა, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარი თქვეს და “დაკარგულები” შეარჩიეს.
  • მსახიობები: ალბათ ყველას გაუკვირდა როცა გაიგო, რომ სერიალ “მძიმე დანაშაულში” ჯესი პირველივე სეზონში უნდა მომკვდარიყო, მაგრამ რას იტყვით ჯეკზე, რომელიც სიცოცხლეს საპილოტე ეპიზოდშივე უნდა გამოსალმებოდა? საბედნიეროდ, რეჟისორებმა გადაწყვეტილება მალევე შეცვალეს.

  • სამსახიობო დასში თავდაპირველად საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. მიუხედავად იმისა რომ ჰარლის პერსონაჟი სწორედ ხორხე გარსიასთვის შეიქმნა, რომელმაც საბოლოოდ მოირგო კიდეც როლი, თავდაპირველად მას სოიერის პერსონაჟის განსახიერება სურდა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ჯოშ ჰელოუეიმ სოიერის როლი საკუთარი თმების დამსახურებით მიიღო. მას გასაუბრებაზე თმის შესაკრავის წაღება დაავიწყდა, პროდიუსერებს კი მოეწონათ თუ როგორ იკრავდა ის თმებს. უცნაურია, არა?!
  • ძირითადად, უმეტესი პერსონაჟის თვისებები თუ გარეგნული მახასიათებლები უშუალოდ ქასთინგზე ჩამოყალიბდა. მაგალითად, პროდიუსერები ქეითს, როგორც მდიდარ ბიზნესვუმენს ისე განიხილავდნენ. ის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ როდესაც როლზე ევანგელინ ლილი დაამტკიცეს, უმალ გადაწყვიტეს ქეითისთვის შანსი მიეცათ.
  • გადაღებები: სერიალის ყველა სცენა ჰავაიზე, უმეტესწილად კუნძულ ოაჰუზეა გადაღებული, მაგრამ იქ ცხოვრება ყველა მსახიობისთვის მარტივი არ ყოფილა. მაგალითად, ემილი დე რავინი კვირაში ორჯერ კალიფორნიაში მიფრინავდა, რათა ქმარი და პუდელი ენახა, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა.

  • ახლობლებთან განშორება მეთიუ ფოქსსაც გაუჭირდა, ამიტომ მან გადაღებების ადგილთან შორიახლოს სახლი იქირავა და ოჯახის წევრები სწორედ იქ დააბინავა. სამაგიეროდ, მაგალითად ხორხე გარსიამ გადაღებების გამო საკუთარი დის ქორწილიც კი გამოტოვა.
  • ბუნებრივია, გადაღებები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც ჩვილ აარონთან გააჩინა პრობლემა. აარონის როლის თამაში 50-მდე ჩვილს მოუწია, რადგან ისინი ძალიან სწრაფად იზრდებოდნენ.

  • შავი და თეთრი: შეიძლება ვერ შეამჩნიეთ, მაგრამ შავი და თეთრი ფერის კომბინაცია სერიალში ძალიან ხშირად გვხვდება და ხშირად ფარულ მესიჯებსაც შეიცავს. მაგალითად, საპილოტე სერიის მეორე ნაწილში ჯონ ლოკი უოლტს თამაშს ასწავლის და უხნის, რომ მხოლოდ ორი მოთამაშე, ორი ფერი არსებობს: თეთრი და შავი, ანუ ნათელი და მუქი.
  • პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდში ჯეკი პოულობს ტყავის ჩანთას შავი და თეთრი ქვებით. მათი მნიშვნელობა მეექვსე სეზონში ვლინდება: იაკობი და “შავი კაცი” სწორედ მათ იყენებდნენ თამაშისთვის. გარდა ამისა, “შავი კაცი” სერიალში ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი პერსონაჟია.
  • რიცხვები და კიდევ ერთხელ რიცხვები: რა თქმა უნდა, უყურადღებოდ სერიალში ციფრების, რიცხვების მნიშვნელობის დატოვება არ შეიძლება. ციფრთა კომბინაცია “4 8 15 16 23 42” სინამდვილეში გამოგონილ ვალენცეტის განტოლებას წარმოადგენს რომელიც თითქოს სამყაროს დასასრულს შიფრავს.
  • 108 წუთი რომელიც მთავარ გმირებს კომპიუტერში ციფრების შესაყვანად აქვთ, სინამდვილეში სწორედ ზემოთ მოცემული რიცხვების ჯამია.

  • საბოლოოდ, გეტყვით რომ “დაკარგულები” დეკადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ნამუშევარია. მან შეძლო და ისეთი სერიალები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც არიან “დექსტერი“, “როგორ შევხვდი დედათქვენს” თუ “ჭორიკანა“.
  • საქმე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევართანაც გვაქვს. მხოლოდ მისი საპილოტე სერიის გადაღება 14 მილიონი დაჯდა, ხოლო პირველი სეზონის – 45.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე