“ჯოკერი 2”: ხოაკინ ფენიქსს როლისთვის 50 მილიონი შესთავაზეს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

როგორც ჩანს, Warner Bros.-ს ძალიან სურს ხოაკინ ფენიქსის დაბრუნება. თანაც, კინოკომპანია გაჩერებას არ აპირებს და 2 სექველის გამოშვება სურს. “ჯოკერი” კინოთეატრებში 2019 წელს გამოჩნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა როგორც კრიტიკოსების, ისე რიგითი მაყურებლების მხრიდან. წარმატება შემოსავლებზეც აისახა და ფილმი კომპანიის ერთ-ერთ დიდ ჰიტად იქცა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ახალი ნაწილისათვის ფენიქსს დიდ თანხებს სთავაზობენ.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Warner Bros.-ს სურს “ჯოკერი 2” და “ჯოკერი 3” შესაბამისად 2022 და 2024 წლებში გამოუშვას, ორივე ნაწილში მონაწილეობისთვის კი მთავარი როლის შემსრულებელს, ხოაკინ ფენიქსს არც მეტი, არც ნაკლები 50 მილიონ დოლარს სთავაზობს.

პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის ფენიქსმა ოსკარის მოპოვება შეძლო, ხოლო ფილმის შემოსავლებმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თანაც საკმაოდ მცირე ბიუჯეტის ფონზე. შედარებისთვის გეტყვით რომ პირველი ნაწილის ბიუჯეტი სულ რაღაც 55 მილიონი იყო, ანუ თითქმის იმდენი, რამდენსაც ახლა მხოლოდ ერთ მსახიობს სთავაზობენ.

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, როგორც ხოაკინს, ისე ფილმის რეჟისორს ტოდ ფილიპსს თავდაპირველად არ სურდათ სექველის გამოშვება და მხოლოდ ერთ ნაწილზე გაჩერებას გეგმავდნენ, მაგრამ პირველი ნაწილის ძალიან დიდი წარმატების შემდეგ აზრი შეიცვალეს. ალბათ, ამხელა შემოსავლის მოტანის შემდეგ ეს გარდაუვალიც კი იყო. მეტსაც გეტყვით, როგორც ჩანს ახალი ნაწილების სიუჟეტი უკვე მზად არის, მაგრამ მოლაპარაკებები მსახიობთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ბუნებრივია, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ხოაკინ ფენიქსზეა, მისი დათანხმება კი ადვილი ნამდვილად არ იქნება. იმისთვის, რომ აწ უკვე ოსკაროსანმა მსახიობმა როლს ხელი მოკიდოს, საჭიროა შეთავაზებულმა როლმა და სცენარმა მასზე დიდი გავლენა მოახდინოს. ეს “დოქტორი სტრეინჯი“-ს შემთხვევაშიც დამტკიცდა. მთავარ როლზე სწორედ ფენიქსს განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ თანამშრომლობა არ შედგა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!