სპაიკ ლის ახალი ფილმი „5 სისხლი/ Da 5 Bloods” – წლის საუკეთესო ფილმი?

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

2020 წლის 12 ივნისს მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ სივრცეში სპაიკ ლის ახალი ფილმი „5 სისხლი/ Da 5 Bloods” გამოვიდა.

2020 წლის ივნისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცნობილი მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ, „5 სისხლი-ს“ კონტექსტი კი არსებულ ვითარების შესაბამისია. თავად რეჟისორის, სპაიკ ლისთვის ფილმი განსაკუთრებით სენსიტიური პროექტია, რომლის შესახებაც ძალაინ ღიად და ემოციურად საუბრობს. მას სურდა გადაეღო მაღალი არტისტიკული ღირებულების, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის მატარებელი ფილმი, რაც ძალიან კარგადაც გამოუვიდა.

ფილმში მოქმედებები ვიეტნამში მიმდინარეობს, სადაც ვიეტნამის ომის ოთხი ვეტერანი ერთმანეთს ხვდება. ომის პერიოდში მათი დანაყოფის ლიდერი იყო ნორმი „Storming Norm”, რომელიც ვეტერანებისთვის არამარტო მეთაური, არამედ სულიერი წინამძღოლი და მისაბაძი მაგალითიც გახლდათ. ძველ მეგობრებს გადაწყვეტილი აქვთ დაბრუნდნენ ვიეტნამის ჯუნგლებში, მონახონ ნორმის ცხედარი და ასევე რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო, რომელიც ნორმმა მიწაში დამარხა.

ფილმში ძალიან ბევრ სოციალურ განცხადებას შეხვდებით ომის, რასიზმისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. უნდა ითქვას, პოლიტიკური ნაწილი ხელს არ უშლის ფილმის ძირითადი სიუჟეტის განვითარებას, რომელიც საოცრად ჩახლართული და მრავალფეროვანია. „5 სისხლი“ ძალიან ლამაზი ნამუშევარია. მისი კინემატოგრაფია სუნთქვისშემკვრელია. აღსანიშნავია ფილმის საუნდთრექიც, რომელიც ძირითადად მარვინ გეის სიმღერებით არის დაკომპლექტებული.

სპაიკ ლის ნაწარმოების ქრონომეტრაჟი 2:30:00 წუთის ხანგრძლივობის გახლავთ, თუმცა არც ერთ მონაკვეთში არ არის მოსაწყენი. პირველი ნახევარი ძირითადად დიალოგებითა და მოგზაურობის სცენებისგან შედგება, შემდეგ იწყება მოქმედებები და კლიმაქსი.

სამსახიობო ჯგუფი და მათი შესრულება ბრწყინვალეა. 2021 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე „5 სისხლი“-ს რამდენიმე მსახიობს უნდა ველოდოთ, რომელთაგან უმთავრესი გახლავთ დელროი ლინდო, სავარაუდო გამარჯვებულიც კი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში. აღსანიშნავია ჩედვიკ ბოსმანი, მელანი ტიერი, ჯონათან მეიორსი და რაღა თქმა უნდა ჟან რენო.

„5 სისხლი“ ერთდროულად რამდენიმე ჟანრს მიეკუთვნება – მასში ბევრია მოქმედებითი მომენტი, უკანასკნელ ნაწილში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იქმნება, დრამატული სცენებიც უხვადაა და ბოლოს, ფილმი საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას ეხება, რომელშიც ოთხი ყოფილი მებრძოლი 50 წლის შემდეგ ბრძოლის ადგილას ბრუნდება.. მართალია, იგი საკმაოდ ნელა და მონოტონურად იწყება, თუმცა პირველი ნაწილშიც ვხვდებით მრავალფეროვაბ საომარი სცენებს, ჩართვებით, მოჭრებით, რაც ძალიან კარგად ერგება ერთმანეთს და საკმაოდ ამდიდრებს ფილმის არტისტულ ღირებულებას.

სპაიკ ლის „5 სისხლი“ ფილმი, ერთ-ერთი საუკეთესოა ვიეტნამის ომის შესახებ გადაღებულ ნაწარმოებებს შორის, რომელთა რიგებშიც შედის „ოცეული“ და „აპოკალიფსი დღეს“.

ავტორი: ნიკა ბილანიშვილი

ჩაუჯექი ფილმებს Movie.Ge-ზე