„მერი შელის ფრანკენშტეინი“ – გოთური რომანის ყველაზე ახლო კინოვერსია

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

ფრანკენშტეინი

„მერი შელის ფრანკენშტეინი“, ეს ფილმი ეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა. ესაა მერი შელის გოთური რომანის „ფრანკენშტეინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“ ეკრანიზაცია. რეჟისორი კენეტ ბრანა. მიუხედავად ზოგიერთი განსხვავებისა ლიტერატურულ ორიგინალთან, ეს ყველაზე ახლო კინოვერსიაა.

შეიძლება ითქვას, რომ კინემატოგრაფიის ისტორიაში, ეს, „ფრანკენშტეინის“ საუკეთესო განსახიერებაა დიდ ეკრანზე. ამ ფილმის დაჩრდილვა ჰოლივუდის ვერცერთმა თანამედროვე, მაღალბიუჯეტიანმა ფილმმა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, ფილმის პროდიუსერი ხომ, თავად ფრენსის ფორდ კოპოლაა, სცენარის თანაავტორი – ფრენკ დარაბონტი (სწორედ მისი ეკრანიზაციებია „გაქცევა შოუშენკიდან“ და სტივენ კინგის „მწვანე მოლი“). მონსტრის როლი, რომელზეც ჟერარ დეპარდიემ უარი განაცხადა, შეასრულა რობერტ დე ნირომ, ხოლო გენიალური მეცნიერის საცოლის როლი ითამაშა ჰელენა ბონემ კარტერმა.არაჩვეულებრივი ფილმი, სამსახიობო დასი და უზადო რეჟისურა.

კლასიკური, უკვე სახელმძღვანელოდ ქცეული ისტორიის მოყოლით, ექიმ ფრანკენშტეინზე და მის საშინელ ქმნილებაზე, კენეტ ბრანამ მოახერხა თავიდან აეცილებინა „ჰორორის“ ჟანრის „შტამპი“.  ამავდროულად, დარჩა რა ლიტერატურული წყაროს სულისკვეთებისა და ჟანრის ერთგული, რეჟისორმა მოახერხა შეექმნა, უძლიერესი ემოციური მუხტით დატვირთული ტრაგედია. ამ ტრაგედიის ცენტრში კი ვითარდება რამოდენიმე ადამიანის დრამა, რომლებიც მოხვდნენ ვნებათა მორევში, რომელმაც წალეკა ისინი და აიძულა გაეკეთებინათ თავისი ერთადერთი და უკანასკნელი არჩევანი ამ ცხოვრებაში.

კენეტ ბრანამ და რობერტ დე ნირომ თითქმის მთელი წელი იმუშავეს, რომ მონსტრის, ანუ, როგორც მას კიდევ უწოდებენ – არსების სახასიათო სახე შეექმნათ. ისინი ხვდებოდნენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც გადაიტანეს ინსულტი, დარღვეული ჰქონდათ მეტყველების ფუნქცია, ჰქონდათ დამბლა. ისინი სწავლობდნენ სამედიცინო სტატიებს, რომელიც ეძღვნებოდა სახის ქირურგიას, ასევე  განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა ევლო, ემოძრავა ადამიანს, რომელსაც გადანერგილი ჰქონდა სხვისი ფეხი, თუ როგორ უნდა ელაპარაკა მას,მაშინ როცა სხვისი ქვედა ყბა ჰქონდა. ამასთან ერთად, გადაღებების დროს, დე ნირო საგრიმიოროში, დღეში 12 საათს ატარებდა. ასეთი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლდათ ის, რომ არსების სახემ ყველა შესაძლო მოლოდინს გადააჭარბა. მაგრამ გამაოგნებელი ისაა, რომ მონსტრი არამხოლოდ აშინებს, არამედ სიბრალულსაც იწვევს. როგორც ჩანს „მერი შელის ფრანკენშტეინის“ შემქმნელებს სწორედ ასეთი შედეგის მიღწევა სურდათ და ეს მათ შესანიშნავად გამოუვიდათ.

ფილმი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან დიდი ოსტატის შექმნილია, რომელმაც მასში ჩადო მთელი თავისი ენერგია, ნიჭი და სიყვარული, რომელიც თითქმის ყველა კადრში იგრძნობა.

უყურეთ ფილმებს Movie.Ge-ზე მრავალხმოვანი, ქართული გახმოვანებით.

მასალის ავტორი ნატალია გურამიშვილი