10 დიდი რეჟისორი, რომელთა ფილმებიც მათსავე სამშობლოში აკრძალული იყო

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ფილმებს ხშირად იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე უბრალოდ მხატვრული ჩანაფიქრის ეკრანიზებაა. ოფიციალური ცენზურის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ისინი ყოვლისშემძლე კლასიფიკატორები არიან და უფლება აქვთ განსაზღვრონ, თუ რომელი ფილმი გახადონ ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი და რომელი- არა, რადგანაც იციან, რომ ფილმები ხშირად უსამართლობისა და ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ იმაზე უფრო მძლავრ იარაღად იქცევიან, ვიდრე ნებისმიერი საბრძოლო იარაღი შეიძლება იყოს.

ქვემოთ იხილავთ რეჟისორებს, რომელთა ფილმებიც მათსავე სამშობლოში მას შემდეგ აიკრძლა, რაც ცენზურამ მიუღებლის სტატუსი მიანიჭა. აღმოვაჩენთ, რომ ასეთ შემთხვევებში ფიგურანტად ორი ძირითადი ძალა გვევლინება- სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ავტორიტარული წარმომადგენლობა.

ჟან მარი ტენო

კამერუნელი რეჟისორი ჟან მარი ტენო თავის შემოქმედებას კოლონიალური და პოსტკოლონიალური კამერუნის წინაშე მდგარი, სოციო- პოლიტიკური პრობლემების წარმოსაჩენად იყენებდა. ნარატიული და ესთეტიკური სტრატეგიების გამოყენებით ჟან მარი ტენო შეთხზულისა და დოკუმენტური მასალების კომბინირებას მიმართავდა, რითაც ახალ, ინოვაციურ სტრუქტურას ქმნიდა. ფიქციური დოკუმენტალიზმის საუკეთესო ნიმუშებში რეჟისორი ღიად აკრიტიკებს კამერუნელ პოლიტიკოსებს, ეხება ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა კამერუნის დაბინძურებული წყლის მარაგები.

კამერუნის სოციალური პრობლემების ფილმებში გაშუქება რეჟისორმა 1978 წელს, საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, პრემიერ მინისტრ პოლ ბიას ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ მოახერხა. პრემიერის ავტორიტარული მმართველობის პირობებში მართლაც შეუძლებელი იყო იმ მწვავე სოციალური თემების გაშუქება, რომელთაც ჟან მარი ტენო თავის ფილმებში აჩვენებს.

ჯაფარ ფანაჰი

2011 წელს, ირანის მთავრობის მიერ ჯაფარ ფანაჰის აკრძალულად გამოცხადებას რეჟისორის ათწლიანი დევნა უძღოდა წინ. 2010 წელს ის დაპატიმრებულ იქნა, რადგანაც კულტურის მინისტრის განცხადებით „მან, ირანში, 2009 წელს, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის ხელმეორედ არჩევის შედეგად შექმნილი არეულობის შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნა სცადა“. ჯაფარ ფანაჰის დაპატიმრებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

2011 წელს ფანაჰს შინაპატიმრობა მიესაჯა, მისი შემოქმედება კი კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული.

ფილმი „ტაქსი“, რომელშიც ფანაჰი თავად მონაწილეობს, მოგვითხრობს კინორეჟისორის შესახებ, რომელიც თავს ტაქსისტად ასაღებს, რათა უშუალოდ გაეცნოს თანამოქალაქეთა ცხოვრებას, ამასთან, მათგან გასამრჯელოს არ იღებს. მგზავრებს შორის აღსანიშნავია გოგონა ჰანა, რომელსაც სასკოლო პროექტისთვის მოკლე ფილმის გადაღება აქვს დავალებული და ტაქსისტს ამაში დახმარებას სთხოვს. ისინი საუბრობენ  Siahnamayi– ს თავიდან არიდების შესახებ, რაც ირანულ კინოში დამკვიდრებული ტერმინია და გულისხმობს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ნეგატიური კუთხით წარმოჩენას.

პიტერ უოტკინსი

ინგლისელი რეჟისორი, პიტერ უოტკინსი ფსევდოდოკუმენტურ და დრამატულ ფილმებს იღებდა, რომელშიც თანამედროვე საზოგადოების ანალიზს ახდენდა. მისი ფილმი „ომის თამაში“(1946), რომელიც ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების მეოცე წლისთავს ეძღვნებოდა და მის საშინელებას აჩვენებდა, ამერიკის მთავრობის ჩარევის შემდეგ, BBC- მ ჩვენებიდან ამოიღო.

ასევე ფილმი „დასჯის პარკი“ (1971), რომელიც ამერიკული პოლიციის სისასტიკეს აკრიტიკებს, პარანოიდულ ფანტაზიად იქნა შერაცხული, ჰოლივუდმა კი უარი თქვა მის გავრცელებაზე. ფილმში პრეზიდენტი ნიქსონი საგანგებო ბრძანებას გამოსცემს, რომლის თანახმადაც პაციფისტური მოძრაობის წევრები, ფემინისტები და სხვა ოპოზიციურად განწყობილი პირები მოჰავას უდაბნოში მოწყობილ დასჯის პარკში იგზავნებიან.

ლუკინო ვისკონტი

დიქტატორ ბენიტო მუსოლინის სჯეროდა, რომ კინემატოგრაფია ეპოქის ყველაზე მძლავრი ხელოვნების სახეობა იყო. იტალიური კინო ფაშისტური რეჟიმის მხრიდან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან აგეცილებინა, აუცილებლად ფაშისტურად უნდა ყოფილიყავი განწყობილი. 1943 წელს, ეკლესიის ავტორიტეტების და ფაშისტური რეჟიმის მიერ აკრძალულ იქნა ლუკინო ვისკონტის პირველი მხატვრული ფილმი- „ობსესია“, რომელიც დაფუძნებული იყო ჯეიმს კეინის მოთხრობაზე- „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“.

აკრძალვის მიზეზად იქცა მთავარი გმირი, რომელიც რეჟიმის მიერ დაწესებულ სტანდარტებს არღვევდა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი მამაკაცი და შესაძლოა ჰომოსექსუალადაც მიგვეჩნია.

იან სვანკმაჯერი

იან სვანკმაჯერი კინოს ისტორიაში ცნობილია, არა მხოლოდ როგორც უდიდესი სიურრეალისტი რეჟისორი და ანიმატორი, რომელმაც ინოვაციური ფილმები და უნიკალური კადრები შექმნა, არამედ როგორც იმ მცირეთაგანიც, რომელმაც ჩეხეთში გაბატონებულ კომუნისტურ ავტორიტარულ რეჟიმთან შებრძოლება გაბედა. სწორედ ავტორიტარიზმი იყო მისი ფილმების მთავარი თემა. სვანკმაჯერის „ლეონარდოს დღიურმა“(1972), რომელშიც ლეონარდო და ვინჩის გაცოცხლებული ჩანახატები და თანამედროვე პრაღის სცენებია გაერთიანებული, რეჟიმის კრიტიკა დაიმსახურა, მისი ავტორი კი შვიდი წლის „ვადით“ აკრძალულად გამოცხადდა. აკრძალვის მოხსნის შემდეგ სვანკმაჯერი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების ადაპტაციების შექმნაზე დათანხმდა, თუმცა, შეფარვით კვლავ კომუნისტური რეჟიმისა და რეპრესიის კრიტიკას ეწეოდა, რის გამოც ისევ აკრძლულად გამოცხადდა.

პიერ პაოლო პაზოლინი

პაზოლინი ერთ- ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გახმაურებულ ფიგურად ითვლება კინოს ისტორიაში. სექსუალური ორიენტაციისა და აბორტის საკითხში ვატიკანის პოზიციის მხარდაჭერის გამო, პაზოლინი იტალიის კომუნისტური პარტიის მხრიდან მუდმივ დევნას განიცდიდა.

რეჟისორი საკუთარ სამშობლოში და არა მარტო სამშობლოში, აკრძალულ იქნა გახმაურებული და მძიმე კადრებით ცნობილი ნაწარმოების- „სალო, ანუ სოდომის 120 დღის“ გამოსვლისთანავე, რომელიც მარკიზ დე სადის ნაწარმოების კინოადაპტაციას წარმოადგენს. პაზოლინი ამ ნაწარმოებში სადის გმირებს აცოცხლებს, რომლებიც მუსოლინის ეპოქის ეკლესიასა და ავტორიტარიზმს განასახიერებენ.

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი, რომელმაც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ფილმები დაგვიტოვა, (მოღვაწეობდა 50- იანიდან 90- იან წლებამდე) უკრაინულ პოეტურ სკოლას ეკუთვნოდა. ის ამბობდა, რომ სამი სამშობლო ჰქონდა- „დავიბადე თბილისში, ვიმუშავე უკრაინაში და გარდაცვალებას სომხეთში ვაპირებ“.

ფარაჯანოვის ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი- „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც შთამბეჭდავი ფერთა პალიტრისა და კოსტიუმების გამო რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, აკრძალულად გამოცხადდა, რეჟისორს კი საბჭოთა რესპუბლიკის დატოვება აიძულეს.

კაგებემ ფარაჯანოვი 1973 წელს, გაუპატიურების, ჰომოსექსუალიზმისა და მექრთამეობის ბრალდებით დააკავა. ამტკიცებდნენ, რომ ის „აწარმოებდა შეხვედრებსა და მიმოწერას უცხოელებთან კაპიტალისტური ქვეყნებიდან“, რაც საბჭოთა რესპუბლიკისთვის ღალატის ტოლფასად მიიჩნეოდა. 1997 წელს ფარაჯანოვი პატიმრობიდან განთავისუფლდა და სარეჟისორო მოღვაწეობის გაგრძელებაც შეძლო, თუმცა რეპრესიის წლებმა, მეოცე საუკუნის ერთ- ერთი უდიდესი რეჟისორი ფიზიკურად და მორალურად ძალიან დაასუსტა.

დუსან მაკავეჯევი

სერბი რეჟისორი დუსან მაკავეჯევი იუგოსლავიის „შავი ტალღის“ (1960- 1970 წლები) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ეს მოძრაობა ფილმის გადაღებისადმი არატრადიციული მიდგომით, მკაფიო იუმორით, თანამედროვე იუგოსლავიის საზოგადოებისა და სოციალისტური მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით ხასიათდებოდა. ლიბერალიზაციის ამ პროცესს რამდენიმე ფილმის აკრძალვა და ავტორების სამშობლოდან გაძევება მოჰყვა შედეგად.

1971 წელს დუსან მაკავეჯევის ფილმმა- „ორგანიზმის საიდუმლოება“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, იუგოსლავიის კულტურის მინისტრმა კი სექსუალური შინაარსისა და ნონკონფორმისტული განცხადებების გამო, ფილმი „თაროზე შემოდო“. ფილმი ნაჩვენებ იქნა იუგოსლავიის ფილმების ფესტივალზე, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მალევე გამოცხადდა აკრძალულად. 

ფრიც ლანგი

ფრიც ლანგი ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ და “ჰოლივუდელ” რეჟისორადაა მჩნეული. ლანგის ფილმები შთამბეჭდავი ვიზუალური სტილით, ექსპრესიონისტული განათებითა და გეომეტრიული კომპოზიციებითაა გამორჩეული.

ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტმა- იოზეფ გებელსმა აკრძალა ლანგის ფილმი- „ექიმ მაბუსეს ანდერძი“(1993), როლის მთავარი გმირი-ექიმი მაბუსეც ალეგორიულად ჰიტლერს განასახიერებდა. გებელსმა ლანგს ასევე მოსთხოვა ნაცისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და მათი დაკვეთით ფილმების გადაღება, რაზეც მისგან მტკიცე უარი მიიღო, ამდენად, საფრთხეში არა მარტო ლანგის შემოქმედება, არამედ მისი სიცოცხლეც აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ლანგი იძულებული გახდა, გერმანია დაეტოვებინა და ჰოლივუდში განეგრძო მოღვაწეობა. სწორედ ჰოლივუდში შეიქმნა მისი ანტინაცისტური ფილმები- „ჯალათებიც კვდებიან“ (1943) და „შიშის სამინისტრო“(1944).

ლუის ბუნუელი

ცნობილი ესპანელი სიურრეალისტი რეჟისორის- ლუის ბუნუელის დევნა დაიწყო არა მის სამშობლოში, არამედ- საფრანგეთში, სადაც ხელისუფლებამ ბუნუელის „ანდალუზიური ძაღლის“ კონფისკაცია მოახდინა. ამ ფაქტმა ნათლად აჩვენა, რომ ახალი რევოულუციური სიურრეალისტური კინო- ჟანრი, რომელშიც ბუნუელს ფილმების შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი, ყველასთვის განკუთვნილი არ იყო.

1935 წელს, ესპანელი ხელოვანების ჯგუფმა, რომელთა შორის ბუნუელიც იყო,„ანტიფაშისტ ხელოვანთა ალიანსი“ დააფუძნა. ალიანისის მიზანი ფაშიზმის წინააღმდეგ მანიფესტების გამოცემა და ხელოვანთა საქმიანობის მათი გავლენისგან განთავისუფლება იყო.

ესპანეთის სამოქალაქო სამოქალაქო ომის პერიოდში ბუნუელი მექსიკოში გადავიდა, 1950 წელს კი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც მისი ფილმის- „დავიწყებულები“ პრემიერა შედგა.

1960 წელს, რეჟისორმა „ვირიდიანას“ გადაღების მიზნით ესპანეთში დაბრუნება გადაწყვიტა , ესპანეთის ხელისუფლებასთან კი მოიმიზეზა, რომ მექსიკური საპნის ოპერის გადაღება ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა, მისი რეალური მიზნები მალევე გამჟღავნდა, „ვირიდიანას“ ჩვენება კი ფილმის გამოსვლისთანავე, მთელი ესპანეთის მასშტაბით აიკრძალა. ფილმში გაკრიტიკებული იყო კათოლიკურ ეკლესია, რომელსაც დიქტატორ ფრანკოს რეჟიმი მხარს უჭერდა. ფილმის ჩვენება ფრანკოს სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ გახდა ნებადართული, როდესაც ბუნუელი უკვე 77 წლის იყო. ფრანკოს რეჟიმის მიერ დევნილი დიდი ესპანელი რეჟისორის ფილმების სამშობლოში დაბრუნება მთელი ესპანეთისთვის სასიხარულო მოვლენა იყო.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.ge– ზე

თარგმანის ავტორი: მარიამ ადამია