ანიმაციები რომლებიც თქვენს ბავშვს ცხოვრების უკეთ შეცნობაში დაეხმარებიან

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

დღეს ბავშვების ცხოვრება ანიმაციების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ისინი ბავშვებს სამყაროს უკეთ შეცნობაში, ცხოვრების საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალების გაგებასა და უბრალოდ ადამიანების ყოველდღიურობის გაგებაში ეხმარებიან. ამის გამო აუცილებელია სწორი ანიმაციების შერჩევა, რათა ბავშვს მცდარი წარმოდგენა არ შეექმნას და ის რასაც უყურებს, მაქსიმალურად შემეცნებითი გამოდგეს.

დღეს წარმოგიდგენთ გამორჩეულად კარგს ანიმაციებს რომლებსაც თქვენი ბავშვები სასიამოვნოდ უყურებენ და ამასთან ერთად ცხოვრების აუცილებელ დეტალებსაც გაეცნობიან.

სასტუმრო ტრანსილვანია“, 2012

ანიმაცია ძალიან ქარიზმატული და მომხიბვლელი ურჩხულის, დრაკულას და მის ყველასგან გაისაიდუმლოებულ სასტუმროს წარმოგვიდგენს, რომელსაც ერთ დღეს თვით ადამიანი მოადგება და დრაკულას გოგონას გულსაც დაიპყრობს. მთავარი გმირების სახალისო თავგადასავალი სწორედ აქედან იწყება.

ანიმაციის საშუალებით თქვენი შვილი მიხვდება რომ წიგნი მხოლოდ ყდით არ უნდა შეაფასო, რომ უმთავრესი დეტალები ხშირად მარტივად არ ჩანს. ის გააცნობიერებს რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია და მას მუდამ უნდა გავუფრთხილდეთ.

პარანორმანი“, 2009

წარმოგიდგენთ ნორმანს, ერთი შეხედვით ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეულ ბიჭს რომელსაც სინამდვილეში ზებუნებრივი ძალა გააჩნია – ის მოჩვენებებს ესაუბრება, რომლებიც უკვე დიდი ხანია რაც ადგილობრივებს აწუხებენ. ახლა ნორმანი მათი ერთადერთი იმედია.

ანიმაცია შესაძლოა ერთი შეხედვით ძალიან საშიშად მოგეჩვენოთ, თუმცა ის გვასწავლის რომ ზოგჯერ უბრალოდ მხოლოდ იმიტომ გვეშინია ვინმესი რომ მისი არ გვესმის, რომ ზოგჯერ საკმარისია მას დახმარების ხელი გავუწოდოთ, პატივისცემა ვანახოთ და ყველაფერი თავისით მოგვარდება.

წვრილფეხა“, 2018

ანიმაცია მიგოს შესახებ გვიყვება რომელიც მშობლიური თოვლიანი მთებიდან ქვემოთ, ბარში ჩამოდის და აქამდე უცნობ ადამიანებს ხვდება რომლებთანაც მრავალ ახალ დეტალს აღმოაჩენს ცხოვრების შესახებ.

ეს ძალიან ლამაზი ანიმაცია თქვენს ბავშვს შთააგონებს რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ, ცხოველებს არ უნდა ვავნოთ და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ.

კოკო“, 2017

12 წლის მექსიკელი ბიჭუნა, მიგელი მკვდრების მიწაზე მიემართება რათა მისი იდეალი, მომღერალი ერნესტო დე ლა კრუზი გაიცნოს. ეს ყველაფერი არ არის, ბიჭი საკუთარი წინაპრების სულებსაც ნახულობს.

თუ გსურთ ბავშვს ოჯახის სიყვარული ჩაუნერგოთ, მაშინ “კოკო” საამისოდ იდეალური არჩევანია. ის გვასწავლის რომ ოჯახის წევრებს უნდა გავუფრთხილდეთ, მათთან ერთად გატარებული თითოეული წუთი მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ და ამასთან ერთად, საკუთარი ოცნებების არ უნდა შეგვეშინდეს.

თავდაყირა“, 2015

რაილი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, რომლის ყოველდღიურობას 5 ძირითადი ემოცია განსაზღვრავს – სიხარული, შიში, სიბრაზე, ზიზღი და სევდა, რომლებსაც მასში მცხოვრები პატარა ადამიანები მართავენ, რომლებიც მას ყოველდღიური დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებიან.

ანიმაცია ერთმანეთის განსაკუთრებულობაზე დაგვაფიქრებს, რომ თითოეულ ჩვენგანს შინაგანად ერთნაირი გრძნობები აქვს, მაგრამ მათ განსხვავებულად იყენებს. ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთი არ უნდა გვიყვარდეს, პირიქით – ერთმანეთის განსხვავებულობა უნდა დავაფასოთ.

სახლი“, 2015

ანიმაციაში უცხოპლანეტელებმა დედამიწა დაიპყრეს და მის საკუთარ ნებაზე გარდაქმნა სურთ, ამის წინააღმდეგ კი მამაცი გოგონა, ტიპი მიდის. ის არ უშინდება დამპყრობლებს და განსათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს რა დროსაც მას სწორედ უცხოპლანეტელი უყვარდება.

მთავარი პერსონაჟები თქვენს შვილს შთააგონებენ თუ როგორ უნდა იყო მიზანდასახული მაშინ როდესაც წარმატების შანსი თითქმის არ არსებობს, როგორ იყო ოპტიმისტურად განწყობილი როდესაც გარშემო ყველაფერი საშინლადაა.

დიდი გმირი 6“, 2014

ანიმაცია ახალგაზრდა გამომგონებლის და რობოტის სახელად ბეიმაქსის სახიფათო, მხიარულებით აღსავსე თავგადასავალზე გვიყვება.

ანიმაციაში საკმაოდ მრავალ დეტალზეა ყურადღება გამახვილებული თუმცა მათგან უმთავრესი წრფელი მეგობრობაა, რომლის გარეშეც ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. ანიმაცია დაგანახებთ რომ ნამდვილი მეგობრის პოვნა რობოტშიც კი შეიძლება.

ლორაქსი“, 2012

წარმოგიდგენთ სამყაროს სადაც ყველაფერი პლასტიკატმა ჩაანაცვლა და ნამდვილი ხის პოვნა უდიდეს აღმოჩენას ნიშნავს. როგორ მოიქცეოდით ასეთ შემთხვევაში? ალბათ ყველაფერს გააკეთებდით ბუნების დასაცავად.

ანიმაციაში ძალიან კარგადაა ასახული დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემები რომელთა წინაშეც სამყარო დგას. ის დაგარწმუნებთ რომ ცოცხალი ბუნების და ჩვენი შვილების მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე