გოგონების ძალა ჰაიაო მიაძაკის შემოქმედებაში

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ყველასათვის საყვარელი იაპონელი რეჟისორი და ანიმატორი, სტუდია „გიბლის“ თანადამფუძნებელი- ჰაიაო მიაძაკი ანიმაციის სფეროში მოღვაწე ყველაზე წარმატებულ რეჟისორად ითვლება; მიაძაკის ანიმეებს კომპლექსურობა ახასიათებს- რთულ თემებთან შეჭიდება, მითოსისა და რეალობის შერწყმა, ადამიანისა და ბუნების ღრმა კავშირის ხაზგასმა, ღრმა ფსიქოლოგიზმი, სენტიმენტალიზმი, უშუალობა და ამასთან ერთად პერსონაჟების შინაგანი ძალისა და თვითრწმენის წარმოჩენა. მის ანიმაციებში გამორჩეული ადგილი უჭირავს სწორედ შინაგანი თუ ფიზიკური ძლიერებით გამორჩეულ მდედრობითი სქესის პერსონაჟებს, რომლებიც აღარ პასუხობენ ადრეულ სტანდარტებს, რომლებსაც ამ უკანასკნელთა მიმართ დასავლური ანიმაციების შემქმნელები აყალიბებდნენ.

1984 წელს, იაპონიაში შედგა ჰაიაო მიაძაკის ანიმაციის- „ნავსიკაია ქარების ველიდან“ პრეზენტაცია. ნავსიკაია ეს არის აირწინაღიანი გოგონა, რომელიც დაღუპვის პირას მისული მსოფლიოს გადასარჩენად გიგანტურ მუტანტურ მწერებთან შედის კომუნიკაციაში. ნავსიკაია- თანაგრძნობით აღსავსე, მამაცი, გონიერი და ძლიერი გოგონა, ფლობს ტრადიციულად მამრობითი სქესის გმირებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, უჩვეულოს მდედრობითი სქესის გმირებისთვის.

ნავსიკაია ქმნის პრეცენდენტს და განსაკუთრებული სიმამაცითა და ძლიერებით გამორჩეული გოგონების ტიპაჟს უდებს საფუძველს სტუდია „გიბლის“ შემდგომი წლების ანიმაციებში. 1997 წელს გამოდის „პრინცესა მონონოკე“, რომელშიც განსაცდელში მყოფი გოგონას სანაცვლოდ ვხვდებით მგელთა მბრძნებლის- მიროს ზურგზე ამხედრებულ მეომარ გოგონას. ის არის კეთილშობილი და ამავე დროს დამოუკიდებელი და ძლევამოსილიც. როდესაც პრინცესა პირველად ხვდება პრინც აშიტაკეს, პირისპირ შეჰყურებს სისხლმდინარი სახით და ეუბნება: „წადი აქედან“. პრინცსა და პრინცესას შორის არ ვითარდება სასიყვარულო ისტორია, რომელიც წყვილის უსასრულო ბედნიერი თანაცხოვრებით გვირგვინდება, როგორც ეს ხდება ცნობილ დასავლურ ანიმაციურ ფილმებში (არიელი და პრინცი ერიკი, ალადინი და ჟასმინი, ურჩხული და მზეთუნახავი, თოვლის დედოფალი და პრინცი ფერდინანდი და სხვა). მათ შორის მოგვიანებით მეგობრობა წარმოიშობა, ასრულებენ საერთო მისიას, თუმცა საბოლოოდ ცალ-ცალკე გზებით მიდიან- სასიყვარულო ისტორიის წარმოქმნის ტრადიციული აუცილებლობა თვითრეალიზაციის პრიორიტეტულობით არის ჩანაცვლებული.

გოგონების ძლიერების და თვითრეალიზაციის აუცილებლობაზე ფოკუსირებით აღსანიშნავია ასევე „კიკის მიტანის სერვისი“ (1989) , „ჰოულის მოძრავი კოშკი“(2004), „მოჩვენებების მიერ გატაცებული“(2001); კიკი არის გოგონა, რომელიც გრძნეულების ხელოვნებას ეუფლება. ამისათვის მან უნდა დატოვოს მშობლიური სახლი და ერთი წელი დამოუკიდებლად იცხოვროს. ფრენის ნიჭით დაჯილდოვებული, ცოცხზე ამხდრებული გოგონა მოულოდნელად კარგავს ფრენის უნარს, რის შემდეგაც ამბობს: „აქამდე შემეძლო ფრენა, თუმცა არ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ვახერხებდი ამას, ახლა კი ვცდილობ დავფიქრდე და მივხვდე, თუ როგორ ვახერხებდი ამას“- სწორედ ეს ფრაზა უსვამს ხაზს ავტორისეულ მესიჯს, რომ, რეალური ძალა ჩვენსავე შინაგან სამყაროში უნდა ვეძიოთ და არა მის გარეთ. ასევე სოფი, „ჰოულის მოძრავი სასახლიდან“, ბოროტი გრძნეულების ძალით 90 წლის მოხუცის სხეულში გამომწყვდეული, იბრძვის წყევლისგან თავის დასახსნელად, რასაც მას შემდეგ აღწევს, რაც საკუთარი თავისადმი რწმენას სწავლობს და სხვების დახმარებას იწყებს. რაც შეეხება მოჩვენებების მიერ გატაცებულ ჩიჰიროს, ის გვიჩვენებს ტრანსფორმაციის გზას- პატარა დაუცველი გოგონა ძლიერ გოგონად იქცევა, რომელიც პოულობს ძალას, რომ წინ აღუდგეს ბოროტ ჯადოქრობას და მშობლები საშინელი წყევლის ბორკილებისგან გაანთავისუფლოს.

გამოცემა “გარდიანისთვის” 1993 წელს მიცემულ ინტერვიუში ჰაიაო მიაძაკიმ განაცხადა: “ჩემს ფილმებში ბევრი ძლიერი მდედერობითი სქესის პერსონაჟია- ძლიერი, დამოუკიდებელი გოგონები, რომლებიც დაუფიქრებლად იბრძვიან იმისთვის, რისიც მთელი გულით სჯერათ. მათ სჭირდებათ მეგობარი, მხარდამჭერი, მაგრამ არა- გადამრჩენი. ნებისმიერ ქალს შეუძლია იყოს ისეთივე გმირი, როგორც ეს კაცს შეუძლია.

მიაზაკიმ ერთგან ასევე აღნიშნა :„სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ დაუწერელი კანონისადმი, რომლის მიხედვითაც, ერთ ფილმში მონაწილე გოგონასა და ბიჭს შორის აუცილებლად რომანი უნდა განვითარდეს; ამის ნაცვლად, მე მსურს აღვწერო განსხვავებული ურთიერთობა, სადაც სასიცოცხლო შთაგონებას ორივე თანაბრად აძლევს ერთმანეთს. თუკი ამას შევძლებ, შესაძლოა სწორედ ეს იყოს ჭეშმარიტი სიყვარულის არსის გამოხატვასთან მიახლოვება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიაძაკის გოგონები გარეგნულადაც დიამეტრალურად განსხვავდებიან დასავლურ ანიმაციებში მდედრობითი სქესის პერსონაჟების შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან; ისინი არიან საყვარელი გოგონები, რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი, ამავე დროს იდეალურად ლამაზები იყვნენ, ჰქონდეთ ნუშისებრი თვალები, გრძელი წამწამები, მოხდენილი ცხვირი, დიდი ტუჩები, გრძელი თმა- ერთი სიტყვით, იმგვარად იყვნენ მიმზიდველნი საწინააღმდეგო სქესისთვის, როგორც ეს არის დასავლურ ტრადიციაში.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie. Ge-ზე

მასალის ავტორი: მარიამ ადამია