განხილვა: პორტრეტი, ქალი ცეცხლში

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“პორტრეტი, ქალი ცეცხლში” 2019 წლის, ერთ-ერთი მაღალი შეფასების მქონე ფილმია, რომელმაც ოსკარებზე ნომინაციის მიღება ვერ მოახერხა, თუმცა ოქროს გლობუსზე, უცხოურ ენოვანი ფილმების კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა. (რა თქმა უნდა “პარაზიტს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა).

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი სელინ სკიამაა, რომელიც ასევე რეჟისორია ფილმისა “იყო გოგონა”(Girlhood). საფრანგეთში სკიამა ერთ-ერთ გამორჩეულ რეჟისორად ითვლება და “პორტრეტი, ქალი ცეცხლში” ამის თვალსაჩინო მაგალითია.

ჟანრობრივად რომანტიული დრამა, “პორტრეტი, ქალი ცეცხლში” მოგვითხრობს მე-18 საუკუნის ისტორიას. მთავარი გმირი, ახალგაზრდა მხატვარი ქალი, არის დაქირავებული, რათა მდიდარი გოგონას საქორწინო პორტრეტი დახატოს.

ფილმის დასაწყისში ვიგებთ, რომ გოგონას არ სურს დაქორწინება და რომ აქამდე ერთმა მხატვარმა უშედეგოდ სცადა მისი დახატვა. გოგონას დედა მთავარ გმირს ავალებს თავი მოაჩვენოს მას, თითქოს დაქირავებულია სასეირნო პარტნიორად, რა დროსაც მოუწევს დაიმახსოვროს მისი გამოსახულება და შემდეგ დახატოს პორტრეტი.

თავდაპირველად მდიდარი გოგონა ძალიან ჩაკეტილი და სიტყვაძუნწია, რის გამოც მხატვარი ქალი პორტრეტში მის გაღიმებას ვერ ახერხებს და უკმაყოფილოა ნამუშევრით, ხვდება, დავალების შესასრულებლად საჭიროა გოგონას დაუახლოვდეს.

“პორტრეტი, ქალი ცეცხლში” ლამაზი კადრებით აგებული, შესანიშნავი ფილმია, თვალწარმტაცი სცენებითა და ბრწყინვალე მომენტებით დახუნძლული. რეჟისურა და სცენარი, ძალიან საინტერესო და დრამატული; მსახიობების შესრულება კი თითქმის უნაკლო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სელინ სკიამა. მისი სარეჟისორო გადაწყვეტილებები უაღრესად ამდიდრებს ფილმს – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი აწმყოში იწყება – მთავარი გმირი იხსენებს იმ მოვლენებს, რომელზეც ფილმია აგებული. ასევე, ძალიან მარტივია მთავარი გმირის ადგილას თავის წარმოდგენა ნებისმიერი მაყურებლისთვის, ამით შემდგომში მომხდარი მოვლენების ერთგვარი თანამონაწილენი ვხდებით. განსხვავებით უმეტესობა თანამედროვე ფილმებისგან, “პორტრეტი, ქალი ცეცხლში” არ ჩქარობს, ერთბაშად არ გვაწვდის მთავარ სათქმელს და არ ერიდება ეტაპობრივად მივიდეს კულმინაციამდე.

“პორტრეტი, ქალი ცეცხლში” 2:02 საათის ხანგრძლივობისაა, თუმცა ნამდვილად უფრო მოკლე ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს. მასში ძალიან მეთოდურად ხდება სიუჟეტის განვითარება და ტექნიკური თვალსაზრისითაც უაღრესად დახვეწილი გახლავთ.

“პორტრეტი, ქალი ცეცხლში”-ში მთავარ როლს ასრულებს ნომი მერლანტი, თუმცა კაშკაშა ვარსკვლავი ფილმისა გახლავთ მდიდარი გოგონას როლის შემსრულებელი ადელ ჰენელი. ფილმში მონაწილეობს 1990-იანი წლების პოპულარული ფრანგი მსახიობი ვალერია გოლინო, რომელიც შესაძლოა გეცნოთ ფილმებიდან “უკვდავი შეყვარებული” და “წვიმის კაცი”.

ამჟამად IMDB-ს საიტზე ფილმის რეიტინგი 8.2-ს შეადგენს, ასევე უნდა აღინიშნოს Metacritic.com-ის რეიტინგიც, 95/100.