ბონგ ჯუნ ჰო: ვინ არის ოსკარის ტრიუმფატორი ფილმის რეჟისორი და როდის უნდა ველოდოთ HBO-ზე “პარაზიტის” 6 საათიან ფილმს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ოსკარის რიგით 92 დაჯილდოება ნამდვილად მოულოდნელობებით იყო სავსე. განსაკუთრებით ეს ფილმ „პარაზიტს“ ეხება, რომელმაც ერთდროულად 4 ოსკარი მოიპოვა, რითაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოსკარის ისტორია შეცვალა. კორეული ფილმის რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰოა, რომლისთვისაც დამახასიათებელი სოციალური თემები, შავი იუმორი და სიუჟეტის ძალიან მოულოდნელად განვითარებაა. ეს ყველაფერი „პარაზიტშიც“ მკვეთრად იმჩნევა. კორეელი რეჟისორი ასეთი შესანიშნავი ფილმისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მწიფდებოდა.

ბონგ ჯუნ ჰო 1969 წელს, სამხრეთ კორეაში დაიბადა. ის რეჟისურით პატარაობიდან იყო გატაცებული, რაც მამამისის გავლენით იყო გამოწვეული. მამამისი რეჟისორი და პროფესორი იყო უნივერსიტეტში. უნდა ავღნიშნოთ, რომ კინორეჟისურა ჯუნ ჰოების ოჯახში ტრადიციად ჩამოყალიბებული პროფესიაა – უკვე ოსკაროსანი რეჟისორის შვილიც კინოთია გატაცებული.

ბონგ ჯუნ ჰომ უნივერსიტეტი 1995 წელს დაამთავრა, მანამ კი ორ წლიანი სავალდებულო გაწვევის პირნათლად შესრულებაც მოასწრო. როგორც თავად ოსკარის ცერემონიაზე აღნიშნა, ის უნივერსიტეტში მარტინ სკორსეზეს ფილმებს სწავლობდა და მის შემდგომ კარიერაზე ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

რაც შეეხება კორეელი რეჟისორის კარიერას, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ფართო მასებმა ის მხოლოდ „პარაზიტის“ შემდეგ გაიცნო, თუმცა ბონგის ფილმოგრაფია და მიღწევები ამ ფილმამდეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

პირველი წარმატებული ნამუშევარი რეჟისორმა 2003 წელს გამოუშვა, სახელწოდებით „მოგონებები მკვლელობაზე“. ის 90-იანების კორეაზე გვიყვება. საერთო ჯამში 5 მილიონზე მეტი ფილმზე დასასწრები ბილეთი გაიყიდა და ბონგ ჯუნ ჰომ ძალიან დადებითი შეფასებებიც მიიღო.

განსაკუთრებული საერთაშორისო წარმატება მას 2006 წელს გამოსულმა „სტუმარმა“ მოუტანა. ფილმი უზარმაზარ მონსტრზე მოგვითხრობს, რომელიც სეულის შუაგულში, მდინარე ჰანში გამოჩნდება და დიდ არეულობასაც გამოიწვევს. სამხრეთ კორეაში ფილმი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ნამუშევრად იქცა. ის მთელს მსოფლიოში ძალიან წარმატებით გაიყიდა და მეტიც, „უნივერსალ ფიქჩერსმა“ მისი რიმეიქის ექსკლუზიური უფლებაც მალევე შეიძინა.

ბონგის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი 2013 წლის „თოვლისმჭრელი“ იყო. „სტუმრის“ მსგავსად, ფილმი ძალიან კარგად გაიყიდა, თუმცა ამჯერად არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი ნამუშევარი – „ოკჯა“, რომლის პრემიერა 2017 წელს კანის ფესტივალზე შედგა. ფილმი მალევე შეიძინა Netflix-მა. ამავე წელს, ბონგი „მეტაკრიტიკმა“ საუკეთესო 25 რეჟისორს შორის შეიყვანა და მას მე-13 ადგილი არგუნა. ფაქტი იყო, ბონგის კარიერა რაღაც უფრო დიდს გვიქადდა, ამის დრო კი 2 წლის შემდეგ დადგა.

„პარაზიტი“ ბონგ ჯუნ ჰოს უდავოდ საუკეთესო ნამუშევარია. 2019 წელს გამოსული ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგა და მან მაყურებლის გაოცება ამ დროიდანვე დაიწყო. ის გახდა პირველი კორეული ფილმი, რომელმაც ოქროს პალმის რტო – კანის კინოფესტივალის ყველაზე დიდი ჯილდო მოიგო. თუმცა, ბონგს და მის შესანიშნავ ნამუშევარს ბედი კიდევ უფრო დიდ რამეს უქადდა. “პარაზიტის“ საერთაშორისო შემოსავლები 200 მილიონს დოლარს გასცდა, ხოლო თავად რეჟისორმა კიდევ რამოდენიმე საკმაოდ პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

და ბოლოს, რაღა თქმა უნდა ოსკარის 92-ე დაჯილდოება, სადაც „პარაზიტი“ 6 ნომინაციით იყო წარდგენილი, საიდანაც 4 ოსკარი მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰოს ნამუშევარი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და ძალიან სერიოზული მეტოქეები დაჯაბნა. ამას გარდა, ფილმმა იმარჯვა ისეთ შთამბეჭდავ კატეგორიებში, როგორებიცაა საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სიუჟეტი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.როგორც ხედავთ, „პარაზიტი“ უაღრესად წარმატებული გამოვიდა, რასაც პირველ რიგში მის რეჟისორს უნდა ვუმადლოდეთ. უკანასკნელ დღეებში გაჩნდა ცნობები, რომ სამხრეთ კორეაში მისთვის ძეგლის დადგმასაც კი აპირებენ. სამი პირადად მოპოვებული ოსკარის და მრავალი საერთაშორისო რეკორდის დამხობის შემდეგ, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

დაჯილდოების შემდეგ, ბონგ ჯუნ ჰომ განაცხადა, რომ ის უბრალოდ დაძინებას და დასვენებას აპირებს, თუმცა ამის შემდეგ მის სამომავლო გეგმებზე მაინც გახდა ცოტა რამ ცნობილი. საუბარი არც მეტი, არც ნაკლები „პარაზიტის“ 6 საათიან ფილმზეა, რომლის სერიებად ჩვენებაც ტელეარხ HBO-ზე იგეგმება.

„მე უბრალოდ არ შემეძლო ორ საათში ჩამეტინა ყველა ის იდეა „პარაზიტთან“ დაკავშირებით, რომელიც სცენარის წერის დროს გამიჩნდა. ასე რომ, ისინი ჩემს iPad-ში ინახება და ჩემი მიზანი მათი სერიალის საშუალებით გადმოცემაა, რომელიც საერთო ჯამში 6 საათს გასტანს“. – განაცხადა რეჟისორმა, ამიტომ დაგვერწმუნებით, მისგან ნამდვილად დიდ სიახლეებს უნდა ველოდოთ!

მალე Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: ოთარ ვახტანგაშვილი

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე