ზღარბი სონიკი, ჯიმ ქერი, movie.ge, mpedia.ge

ზღარბი სონიკი: ჯიმ ქერი საკუთარ სტილს უბრუნდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

2020 წლის 25 იანვარს მაყურებელმა პირველად იხილა „ზღარბი სონიკი“, სათავგადასავლო ჟანრის ნამუშევარი, რომელშიც მთავარი ანტაგონისტის როლს ჯიმ ქერი ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს ფილმის პირველი თრეილერის გავრცელების შემდგომ, სონიკს ძალიან დიდი კრიტიკა დაატყდა თავს სოციალურ ქსელებში, თუმცა ფაქტია, რომ ფილმი საგას ცნობილი თამაშის საკმაოდ კარგი ეკრანიზაცია გამოვიდა და თუ თქვენ ოჯახის წევრებთან ერთად გსურს დროის გატარება, კინოში სონიკის სეანსზე დასწრება ნამდვილად კარგი არჩევანია.

ახლა კი მოდი დეტალურად განვიხილოთ, თუ რა აქცევს წინა თაობისათვის ძალიან საყვარელი თამაშის ეკრანიზებულ ადაპტაციას საყურებლა კარგ ფილმად. პირველ რიგში, „ზღარბი სონიკის“ სცენარი ნამდვილად შესანიშნავია. მასზე პატრიკ კეისი და ჯოშ მილერი მუშაობდნენ. ისინი სონიკს წარმოგვიდგენენ როგორც თავდაჯერებულ, თუმცა ძალიან მარტოსულ პერსონაჟად. ნამუშევარში სონიკი ჯერ კიდევ ბავშვია, რომელსაც სურს გარე სამყაროს შეცნობა, მეგობრების გაჩენა და უბრალოდ გართობა. საბოლოოდ, ფილმის ფინალურ ნაწილში, ყველაფერი რაც სონიკს სურდა – თავგადასავლები, მეგობრობა, გართობა, ერთბაშად იჩენს თავს.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ უბრალოდ რატომ ღირს ფილმის ყურება, ეს განუმეორებელი ჯიმ ქერია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯიმი ასეთი სასაცილო ფილმის „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის“ შემდეგ უბრალოდ არ ყოფილა. სონიკში ის იმ სახეს უბრუნდება, რითაც ყველას შეგვაყვარა თავი.

ჯიმი მთავარი ანტაგონისტის – დოქტორ რობოტნიკის როლს თამაშობს, რომელსაც განუზომლად დიდი გონებრივი შესაძლებლობები და ხელოვნურად მართვადი რობოტების მთელი არსენალი გააჩნია. ის ცდილობს სონიკის დაჭერას, რაშიც მას ხელს სონიკის ახალი მეგობარი უშლის.

რაც შეეხება რეკომენდირებულ აუდიენციას, ეს ფილმისთვის კიდევ ერთ პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს. პირველ რიგში, დაგვეთანხმებით ჯიმ ქერის მიერ შესრულებული კომიკური როლი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის ძალიან საინტერესოა. ამასთან ერთად, სონიკი, როგორც ვიდეოთამაში, წინა თაობის ერთ-ერთი უპირველესი გასართობი იყო, ამიტომ მისი დიდ ეკრანზე ხილვა მათ მელანქოლიის გრძნობას გაუღვიძებს, ხოლო რაც შეეხება მეტად ახალგაზრდებს, ასეთი ტიპის ფილმები პირველ რიგში სწორედ მათ ასაკობრივ ჯგუფს ემთხვევა.

იმის ნათელი მტკიცებულება, რომ სონიკზე პირველი წარმოდგენა ძალიან არასწორი იყო და ის ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, ეს მისი შემოსავალია, რომელიც საკმაოდ მაღალია. ფილმი აქტიურ გაყიდვაში სულ რაღაც 10 დღეა ჩაეშვა, მისმა შემოსავალმა კი უკვე 137 მილიონ დოლარს გადააჭარბა. შედარებისთვის, გეტყვით რომ ფილმის ბიუჯეტი 85 მილიონ დოლარს შეადგენს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას რომ „ზღარბი სონიკი“ ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან სიმპათიას და ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ინტერნეტსივრცეში მისი თრეილერის გამოსვლას მოჰყვა, ძალიან გადამეტებულია. ამან შეიძლება გადაგაფიქრებინოთ კიდევ ფილმის ყურება, მაგრამ სინამდვილეში სონიკი ძალიან საინტერესო ნამუშევარია დასაწყისიდან დასასრულამდე, თანაც როგორც უკვე ავღნიშნეთ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ მთელი ოჯახი ერთად შეკრიბოს.

უყურეთ ფილმებს ქართულად, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: ოთარ ვახტანგაშვილი