ინგმარ ბერგმანი

მაყურებლის ბლოგი: ინგმარ ბერგმანის “პერსონა”

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

                        

 

1966 წელს, კინო-ეკრანებზე  გამოდის შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ფსიქოლოგიური ჟანრის დრამა „პერსონა“. ფილმის სათაური ბერგმანის ენიგმატური და ერთმნიშვნელოვნად ღრმააზროვანი ინდივიდუალიზმის მკვეთრი თანხმიანობაა. ფსიქოლოგიური დრამის 1 საათი და 23 წუთიანი ქრონომეტრაჟის მდინარება მაყურებელს  არასწორხაზოვან და  ფანტასმაგორიულ ლაბირინთში ახვედრებს. დრამის დასაწყისის რამდენიმე წუთიანი ფრაგმენტი, სხვადასხვაგვარი კადრების პასაჟური სინთეზი, ფილმის დასაწყისის-მიმდინარეობის და დასასრულის განმსაზღვრელია. ორი მთავარი მოქმედი გმირი, რომელთაგან ექთანი-ალმა(მსახიობი ბიბი ანდერსონი), როგორც ქმედით ასპექტში, ისე ვერბალური თვალსაზრისით აქტიური პერსონაჟია, ხოლო  მსახიობის როლის შემსრულებელი ელიზაბეტ ფოგლერი(მსახიობი ლივ ულმანი), უხმოდ, გენიალური სახის მიმიკებისა და სხეულის  ჰაეროვანი  მოძრაობით, ცალსახად ანტიპოდურ პერსონაჟს ქმნის ექთანთან მიმართებით.


ფილმის შავ-თეთრი, ბერგმანისეული, მშვიდი კადრების და ღრმააზროვანი, ინტენციონალური ატმოსფეროს კოლიზია, ფსიქოლოგიურად და ფილოსოფიურად საინტერესო რეფლექსიისკენ გიბიძგებს.   ექთან  ალმას,  საავადმყოფოს ‘უფროსი ექიმი’, მსახიობ ელიზაბეტს მიაბარებს ‘გამოსაჯანმრთლებლად’. თავდაპირველად, ორივე გმირი, ერთმანეთის ანტიპოდურ პერსონაჟებს  ჰგავნან. რადგან ელიზაბეტის აბსოლუტურად ჯანმრთელი ფიზიკური  სხეული და ფსიქიკა აქვს ექიმების გამოკვლევით, თუმცა არაადეკვატურია  ყველაფრისადმი, რაც მის დუმილში ვლინდება.  მთელი ფილმის განმავლობაში, ელიზაბეტი, მხოლოდ ერთ ფრაზას წამოიყვირებს შიშის-ემოციური ნიადაგით გამოწვეულს. ალმა, ექთანი, პირობითად მის გამოჯანსაღებას ცდილობს, ესაუბრება სხვადასხვა თემაზე,  ესაუბრება საკუთარ თავზე, უყვება უსიამოვნო  ვულგარული შემთხვევის შესახებ, რომლის მოყოლაც კი ტირილსა და კონვულსიურ მოძრაობებს, ემოციურ დაძაბულობას იწვევს მასში.  მსახიობის სახე, ამ მომენტებში, ალმასადმი თანაგრძნობით და ემპათიურობით იმსჭვალება,  თუმცა კვლავ მდუმარედ.


ერთად გატარებული  ხანგრძლივი პერიოდი გამოკვეთს, ორივე გმირის, ერთმანეთში აღრევა-გაურკვევლობის მოტივს, ერთგვარ დუალიზმს.     ბერგმანი მიგვანიშნებს, რომ  წარმატებული-რესპექტაბელური  მსახიობის ცხოვრება, ისეთივე მშრალი და სტატიკურია, შინაარსისგან დაცლილი, როგორც შედარებით მდორე და პირობითად  „წარუმატებელი“ ექთნის ცხოვრების ეტაპები. ერთი პერსონაჟი მეტამორფოზდება მეორე პერსონაჟად და პირიქით.  ახლა, გაურკვეველია რომელია ელიზაბეტი და რომელი ალმა.   ფილმის გენიალური კადრი, რომელიც რამდენჯერმე  გაიელვებს: ელიზაბეტისა და ალმას გამოსახულება სარკეში – აღნიშნავს ადამიანების შინაარსობრივ მონოტონურობას, ერთმანეთთან განურჩეველ, ავადმყოფურ მსგავსებას, რაც იწვევს აპათიას, ინდივიდუალიზმის და ეგზისტენციალური განვითარების ატროფიას.   ალმასა და ელიზაბეტის ეგზიბიციონისტურ მაგალითზე, ბერგმანი ფილოსოფიურად გვიანალიზებს ადამიანურობის, შინაგანი ჰარმონიის დისფუნქციის, საკუთარი „მეს“  ვერ გაცნობიერების პრობლემებს და კითხვის ნიშანს მრავალმიშვნელოვნად სვამს.



               
*მსახიობები ფოტოებზე: ლივ ულმანი, ბიბი ანდერსონი

 ავტორი: ანი ცხვედაძე, თეატრის კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

სტატია გამოქვეყნებულია Movie.Ge-სა და mpedia.ge-ს პროექტის “მაყურებლის ბლოგი” ფარგლებში.

გაეცანი ონლაინ ინგმარ ბერგმანის ფილმებს Movie.Ge-ზე: ინგმარ ბერგმანის კინოშემოქმედება