ქართველი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით საყვარელი და პოპულარული თურქული სერიალები

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

არც თუ ისე ცოტა ხანია, რაც ბრაზილიური და მექსიკური სერიალები, თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა, რომელსაც როგორც საქართველოში, ისევე მსოფლიოში, მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

დღეისათვის თურქულ სერიალებს 50-ზე მეტ ქვეყანაში უყურებენ. ყველაზე დიდი პოპულარობით არაბულ ქვეყნებში სარგებლობს. განსაკუთრებით ცნობილი და საყვარელი კი, რამდენიმე სერიალია.

თურქული საპნის ოპერების ინდუსტრიით, Netflix-იც დაინტერესდა და ათ ეპიზოდიანი დრამა ოსმალეთის იმპერის ისტორიისა და ლეგენდების მიხედვით გადაიღო. როგორც ამბობენ, ინსპირაციის წყარო, მსოფლიოში ცნობილი თურქული სერიალი “დიდებული საუკუნე” გახლდათ.

ბოლო პერიოდში, რამდენიმე თურქული სერიალია პოპულარული. მათ ახალ ეპიზოდებს ქართველი მაყურებელი, სატელევიზიო სივრცესა თუ ონლაინ-სტრიმებზე, განსაკუთრებული მღელვარებით ელოდება.

წარმოგიდგენთ movie.ge-ს პოპულარულ სერიალებს, რომელიც ქართველი მაყურებლებისთვის, განსაკუთრებით საყვარელი და საინტერესოა. ზოგიერთი უკვე დასრულდა, თუმცა ინტერესი მათ მიმართ მაინც არ წყდება.

  1. “ერთხელ ჩუხუროვაში / Bir Zamanlar Çukurova”

“ერთხელ ჩუხუროვაში” მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის ისტორიას, რომლებიც იძულებული ხდება ქალაქიდან შორს გაიქცეს და თავი შეაფაროს ერთ-ერთ სოფელს, სადაც თავს და-ძმად ასაღებენ. გოგონა მემამულეს შეუყვარდება, რის შემდეგაც მრავალსერიანი დრამის, მეტად რთული და მძმე თავგადასავალი იწყება.

2. “ყორანი / Kuzgun”

მთავარი მოქმედი გმირების – ქუზგუნისა და დალას სიყვარულის ისტორიას, გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის ბავშვობიდან მომდინარეობს. მათი მამები პოლიციელები იყვნენ, თუმცა ერთხელაც დალას მამა ღალატს გადაწყვეტს. ის კვდება, როგორც მოღალატე, მისი ოჯახი კი ქვეყნიდან მიდის და ახალ ცხოვრებას იწყებს. 20 წლის შემდეგ კი ქუზგუნი, შურის საძიებლად ბრუნდება.

3. “ორმო / Çukur “

რთული გზის გავლის შემდეგ, რომელიც დამნაშავეთა სამყაროდან თავის დაღწევის მცდელობამ გამოიწვია, იამაჩი სტამბოლში ბრუნდება და ახალ ცხოვრებას, მუსიკოსის ამპლუაში იწყებს. თუმცა აქ, მისი პოპულარობის ზენიტში, გაიცნობს გოგონას, რომელიც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ყველაფერი თავიდან იწყება.

4. “შავ-თეთრი სიყვარული / Siyah Beyaz Aşk”

ასლი წარმატებული ექიმია, მისი ძმა კი წარმატებული პოლიციელი. ერთ დღეს, მისი ცხოვრება ძირეულად იცვლება, როცა და შავი წარსულის მქონე ფერჰატს შეხვდება და მკვლელობის შემსწრე გახდება.

5. “შიგნით / İçerde”

სერიალი ორი ძმის – უმუთისა და სარფის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობაში დააშორეს. უმუთი უმეტესად ქუჩაში იზრდება, ხოლო გატაცებულ სარფს სრულიად სხვა ადამიანად – მერთად აღზრდიან. 20 წლის შემდეგ, ძმები ერთმანეთს ხვდებიან, როგორც მტრები.

6. “ნაადრევი ფრინველი / Erkenci Kuş”

სერიალი მოგვითხრობს სანემის და ჯანის თავგადასავლებით სავსე სასიყვარულო ურთიერთობაზე. “ნაადრევი ფრინველი” განსაკუთრებით პოპულარული ქართველ ახალგაზრდებში, მსახიობის ჯან იამანის წყალობით გახდა.

7. “მზის მოლოდინში / Günesi Beklerken”

“მზის მოლოდინში” 2019 წლის ახალგაზრული თურქული სერიალია, რომელიც კოლეჯის ახალგაზრდების, მათი ცხოვრების, ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს და ის ახალგაზრდა გოგონას, ზეინების ირგვლივ ვითარდება.