მაყურებლის ბლოგი: “ესაუბრე მას / Talk to Her”, პედრო ალმოდოვარი

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მიჭირს ჩემთვის საყვარელ რეჟისორებსა თუ ავტორებზე წერა, მაგრამ როგორც კი რამე ჩემით უნდა ავირჩიო, არჩევანს ყოველთვის მათზე ვაკეთებ და ვცდილობ იმ შიშის დაძლევას, რომელსაც თითოეულ დაწერილ სიტყვაში ვგრძნობ. რა თქმა უნდა, მეშინია, რომ შესაბამის სიტყვებს ვერ ვიპოვი, რა თქმა უნდა, მეშინია, რომ მხოლოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაშიც ქმედება და ვიზუალური მასალა უნდა მოვიშველიო, მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ შევძლებ, შევძლებ საუბარს მათზე! შიში ნელ-ნელა, მათი ფერების მიღმა იმალება და მეც ვიწყებ. ვიწყებ ისე, რომ არ მახსოვს პირველად ზუსტად როდის ვნახე, თუმცა ზუსტად მახსოვს ის დაუვიწყარი ემოცია, რომელიც ყოველი ნახვისას ახლიდან ბრუნდება ჩემს თავსა და მუცელში, სადღაც ჩემ შიგნით რჩება და მაფიქრებინებს, რომ “პირველად ნახვის სიამოვნება” იქნება იქამდე, სანამ რაღაცების ახლიდან აღმოჩენას არ დავასრულებ, ანუ იქამდე, სანამ მე არ დავსრულდები.
და აი, ფილმის პირველი კადრი: შეუდარებელი პინა ბაუჩის ცეკვა, ატირებული მარკო და გაკვირვებული ბენინიო, რომელთა გზები მოგვიანებითაც გადაიკვეთება.


ბენინიო მარტოხელა ექთანია, რომელმაც პროფესია დედის მდგომარეობის გამო აირჩია, დედამისს მუდმივი მოვლა სჭირდებოდა და ბენინიომ ისიც კი ისწავლა, თუ როგორ მოევლო მისი კანისთვის, რომელშიც ცხოვრობდა. ახლა კი რამდენიმე წელია კომაში მყოფ ალისას უვლის და მასზეა შეყვარებული.


მარკო მწერალია და სტატიის დასაწერად ახალგაზრდა ტორეადორ ლიდიასთან მიდის. ლიდია ახალი დაშორებულია შეყვარებულს, მარკო მას გველისგან იხსნის და მათი ისტორიაც სწორედ აქედან იწყება. მალე, ლიდიას ერთ-ერთ გამოსვლაზე ხარი დააზიანებს, კომაში ჩავარდება და საავადმყოფოში აღმოჩნდება. აი აქ კი, კიდევ ერთხელ იკვეთება ბენინიოსა და მარკოს გზები.
დროს, რომელშიც ვაპირებ ალმოდოვარის ფილმები გირჩიოთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს რეჟისორის კვირეული ხდის, პედრო ალმოდოვარი 25 სექტემბერს 70 წლის გახდა.


ფილმი „ესაუბრე მას / Talk to Her“, ეკრანებზე 2002 წელს გამოვიდა. გამორჩეული მუსიკითა და ვიზუალური მხარით, ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელიც გახდა.


ესაუბრე მას“ პირველი ფილმი იყო, რომლითაც რეჟისორი გავიცანი, შემდეგ პიესა დავწერე და მისი ამ ფილმში გამოყენებული მუსიკა გამოვიყენე. რა თქმა უნდა, საყვარელი სცენებიცა და დიალოგებიც მაქვს პიესაში ჩართული. მაგალითად, როცა ადამიანები ძალიან დიდხანს და ხშირად, თავისდაუნებურად ჩნდებიან ჩვენში, ჩვენს შიგნით და მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, იმდენად მნიშვნელოვანს რომ ამაზე საუბარი გვიჭირს.

ბენინიო რა იცი ქალებზე? – ეკითხება გაკვირვებული მარკო.


ბენინიომ თითქმის ყველაფერი იცის ქალებზე, რადგან მათ შესწავლას დაკვირვებით იწყებს და უყვარს ისინი. პირველ რიგში ესაუბრება მათ, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ. ფილმის დასაწყისში მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტი: ბენინიო ალისას ესაუბრება, რომლის ტვინიც გათიშულია, ხოლო მარკო ლიდიას, რომელიც ეუბნება, რომ მარკო კი საუბრობს, მაგრამ მას არ უსაუბრია. ვფიქრობ, ეს მომენტები და დიალოგები ძალიან მნიშვნელოვანია.


ბენინიოს უყვარს ალისა, ამ სიყვარულს კი მისი პროფესია ეწირება. ალისას სხეულში ჩასახული ჩვილი გარდაიცვლება და მათ ისევ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან. ბენინიო ალისას გამოფხიზლების იმედს არ კარგავს, თუმცა უნდა კი მას რეალურად ალისას გამოფხიზლება? ამ შემთხვევაში ხომ ალისას მისი დახმარება აღარ დასჭირდება.


„დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამპარო ვერ ამზადებდა ანტიდოტს.
საბრალო ალფრედო ყოველდღიურად პატარავდებოდა.


ამპარო რომ არ დატანჯულიყო, ალფრედო დედამისთან გაიქცა.
მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ამპარო პოულობს ალფრედის დედის მისამართს და მასთან მიდის.

ალფრედო მის შიგნით რჩება, სამუდამოდ. ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ და ყველაფერს ქმნიან, ფანჯარასთან დგანან და ელოდებიან იმას, რაც არასდროს მოხდება. საუბრობენ და ხშირად საპასუხო სიტყვებს არც ელოდებიან და თუ ფიქრობ, რომ ეს ადამიანი შენ ხარ, განსაკუთრებით ღამით, როცა კედლები იშლება და ყავაც კი ვეღარ ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას, სიზმრების ბურუსში ვიხვევით და არ გვეშინია თუ ჩავიძირებით, მხოლოდ და მხოლოდ მარტოობის გვეშინია.


„სადაც დამაწვენენ მოდი, მელაპარაკე და ყველაფერი მომიყევი“- კითხულობს მარკო ბენინიოს წერილს.

ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ და ყველაფერს ქმნიან, ფანჯარასთან დგანან და ელოდებიან იმას, რაც არასდროს მოხდება. საუბრობენ და ხშირად საპასუხო სიტყვებს არც ელოდებიან და თუ ფიქრობ, რომ ეს ადამიანი შენ ხარ, განსაკუთრებით ღამით, როცა კედლები იშლება და ყავაც კი ვეღარ ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას, სიზმრების ბურუსში ვიხვევით და არ გვეშინია თუ ჩავიძირებით, მხოლოდ და მხოლოდ მარტოობის გვეშინია.


ფილმი პინას ცეკვით, მარკოსა და ალისას შეხვედრით მთავრდება, რომელთა შორისაც ყოველთვის იქნება წითელი, ცარიელი, სკამი, ბენინიოცა და ლიდიაც.


კუკურუკუკუ, პედრო.


მადლობა საოცარი ფერებისა და მუსიკისთვის.


და როგორც ჩემი მეგობარი ლელა ამბობს ხოლმე,რომელსაც ძალიან უყვარხარ- გთხოვ, არ დაბერდე.

უყურეთ პედრო ალმოდოვარის ფილმებს movie.ge -ზე. “ესაუბრე მას / Talk to Her”-ს სანახავად დააკლიკეთ სათაურს.

ავტორი: ია კელერმანი