მაყურებლის ბლოგი: “პიანისტი ქალი / The Piano Teacher”

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

                                      

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ყველაფერი საიდანღაც გამომდინარეობს და შემდეგ ერთ, მთლიან, სურათს ქმნის. ყველაფერი შეიძლება ერთი წამიდან, წუთიდან, დღიდან, თვიდან დაიწყოს და მთლიანად მოიცვას, ჩვენი საათივით აწყობილი ცხოვრება, ანდაც სწორედ მან განაპირობოს ეს წყობა და არასდროს მოგვცეს უფლება -ვიყოთ ბედნიერები.


მიჰაელ ჰანეკეს ავსტრიული დრამა “პიანისტი ქალი” ავსტრიელი მწერლის ელფრიდე იელინეკის 1983 წელს დაწერილი, ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმი ვენის კონსერვატორიის პროფესორ – ერიკას შესახებ მოგვითხრობს. ერიკა ახალგაზრდებს კლასიკურ მუსიკას ასწავლის და ჩვენც ფილმი ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის ისტორია გვგგონია, რომელსაც არც პირადი ცხოვრება აქვს და არც მეგობრები ჰყავს. გატაცებული და შეყვარებულია თავის საქმით; იღლება და სამსახურიდან აუცილებლად სახლში ბრუნდება, თან ვითვალისწინებთ რომ სახლში მოხუცი დედა ელოდება, თუმცა მალევე ვაცნობიერებთ მის პრობლემას, რომელიც გაცილებით სიღრმიდან, შორიდან და აუცილებლად სხვების თანამონაწილეობიდან მომდინარეობს.


ერიკას გაკვეთილებთან ერთად უმძიმდება ფსიქიკური მდგომარეობა, რომელსაც წინა პირობად ჭირვეული დედა, მამის გარდაცვალება, ოჯახის ფინანსური პრობლემები, ბავშვივით ძილი, მუდმივი კონტროლი და სექსუალური დაუკმაყოფილებლობა უძღვის. ერიკა გაკვეთილების შემდეგ საიდუმლოდ დადის პორნომაღაზიებში და საწოლის ქვეშ სადომაზოხისტურ სათამაშოებს ინახავს. ეს არ არის პრობლემა. პრობლემაა დედასთან ურთიერთობა, რომელსაც სურდა მისი ერთადერთი შვილი პიანისტი ყოფილიყო. არანაირი გრძნობები, არანაირი სიყვარული, არანაირი ახალი ტანსაცმელი და ის მდგომარეობები, რომლებიც საქმეზე კონცენტრაციიის საშუალებას არ მისცემს, უკვე ოცდაათი წლის ქალს. აქედან გამომდინარე, კარგად სჩანს თუ როგორი ტრავმული ბავშვობა შეიძლება ჰქონოდა ერიკას და ახალგაზრდობა. ერიკას თავისი ფანტაზიების სცხვენია და მალავს.


ერიკას დედას, არ სურს მისი შვილი სასიყვარულო თავგადასავლებმა გაიტაცოს, არ სურს მისი შვილი პროფესიის გარდა, სხვა რამეზე ფიქრობდეს და ეჭვიანობს კიდეც მასზე. ის ერიკას ბატონია, ყოველ შემთხვევაში ასე თვლის და ალბათ ვერ აიტანს თუ ერიკა სიყვარულის საშუალებით მის დაქვემდებარებას დაუძვრება – სხვას დაუქვემდებარდება, ან პირიქით თვითონ დაიქვემდებარებს რჩეულს. რადგან ერიკა სხვანაირადაა აღზრდილი, მასთან თანასწორი მდგომარეობა ვერ გექნება – ამას ფილმშიც ვხედავთ და წიგნშიც ვკითხულობთ. მას ან იქვემდებარებენ ან ის იქვემდებარებს სხვას.


კონსერვატორიაში ერიკა თავისზე ათი წლით უმცროს მოსწავლე ვალტერთან იწყებს ფლირტს და თავისი გრძნობების შესახებ მხოლოდ წერილებით უტყდება. ერიკას სექსუალური ფანტაზიები ფურცელზე გადმოაქვს და ვალტერის დაქვემდებარების სურვილი ნაყიდი და შენახული, ახალი ტანსაცმლის ტარების სურვილს უღვიძებს. დედა ხვდება რომ ნელნელა შვილზე კონტროლს კარგავს და საპასუხოდ ფიზიკურად უსწორდება.


„ოცნებობენ იმის შენარჩუნებაზე, რაც არ აქვთ. მხიარულობენ და გლოვობენ , ხვალ დილით კი ყველაფერი გაიფანტება“


ასევე იფანტება ის პირვანდელი ემოციები, რომელიც ერიკას დედის ძალადობაზე საპასუხოდ უჩნდება და აუცილებლად ილექება მის გონებაში. ბავშვივით ისევ მასთან ძინავს, ღამღამობით სკვერებში იპარება, მანქანებში იყურება და სხვების სექსის ყურების დროს მასტურბაციით ირთობს თავს. ვალტერსაც ისე ექცევა, როგორც მას ექცევა დედამისი, მაგრამ ამ ქცევის მსხვერპლი თვითონვე ხდება, თუ როგორ ამას ფილმის ყურებისა ან წიგნის წაკითხვის დროს გავიგებთ.


ფილმი მხოლოდ დედისა და შვილის არასწორ ურთიერთობაზეა არ არის. ფილმი იმაზეცაა, როცა სხვაში ვცდილობთ იმის განხორციელებას, რაც ჩვენ არ გამოგვივიდა; ფილმი იმაზეა, როცა მეორე ადამიანს ინდივიდად, საკუთარი სურვილების მქონედ, ვერ ან არ აღვიქვამთ და ერთი ცხოვრების მაგივრად ორს ვანგრევთ.


ფილმში ძალიან საინტერესოა მონაკვეთია: ერიკასთან ერთი მოსწავლე დადის, რომელიც მასსავით ბევრს მეცადინეობს პიანისტი რომ გახდეს, თუმცა ეს რამდენად არის მისი სურვილი საკითხავია, მასაც დაყვება დედა, ერიკას დედასავით განიცდის. ერიკა მას კონცერტისთვის ამზადებს და კონცერტის წინ მის ქურთუკში შუშებს ყრის -გოგონას ხელი გაეჭრება, ვეღარც კონცერტზე დაუკრავს და ეჭვ ქვეშ დადგება მისი კარიერაც. ნეტავ რა გააკეთა ერიკამ ამით? იხსნა მოსწავლე, რომელშიც თავის თავს ხედავდა, თუ პირიქით თავის თავი იხსნა დედის დარიგების მიხედვით, რადგან მასზე ძლიერი მისი არცერთი მოსწავლე არ უნდა იყოს.

ვუყურებ “პიანისტ ქალს” და ბებიაჩემი მახსენდება, რომელიც მუდმივად მიმეორებს: “მაგისტრატურას , როცა დაამთავრებ დოქტორანტურაზე უნდა ჩააბარო, უშრომელად არაფერი არ მოდის; მაგისტრატურას , როცა დაამთავრებ დოქტორანტურაზე უნდა ჩააბარო, უშრომელად არაფერი არ მოდის; მაგისტრატურას , როცა დაამთავრებ დოქტორანტურაზე უნდა ჩააბარო, უშრომელად არაფერი არ მოდის.”

უყურეთ ფილმს movie.ge – ზე. საყურებლად დააკლიკეთ სათაურს “პიანისტი ქალი”

ავტორი: ია კელერმანი