მაყურებლის ბლოგი: “ის / Her”

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

პირველ კურსზე ვარ. ზამთარია. მე და მიშკა, ლექციებიდან მოვსეირნობთ და უცებ მეუბნება: “მოიცა “Her” არ გაქვს ნანახი?”… მე არ მრცხვენია, იმიტომ რომ ვაცნობიერებ – არაფერია გვიან და მსმენია პირველად ნახვის და წაკითხვის სიამოვნებებზეც. მოვდივარ სახლში, ვრთავ ფილმს და ხუაკინ ფენიქსის თვალებში ვიძირები. ვფიქრობ, ფილმის დასასრულს იქნებ მომინდეს გითხრა, თუ რამდენს ნიშნავ ჩემთვის…


რა უსამართლობაა, როცა ადამიანებს იმდენად ეჩქარებათ და უცივდებათ გრძნობები იმ სიტყვების თქმას, რომლებიც მათი გულიდან უნდა მოდიოდეს, სხვას ანდობენ ანუ “ლამაზი წერილების ვებ-გვერდი გისმენთ.”


ფილმში, ადამიანთა ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ვირტუალური სივრცეები, რაც რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებას უკან წევს. ადამიანები თავიანთ მოთხოვნილებებს ვირტუალურად იკმაყოფილებენ და რეალურ ურთიერთობებს ან ვერ იწყებენ, ან ვერ აგრძელებენ, ან საერთოდ არ უნდათ ეს ყოველივე.


თეოდორი, ცოლს გაშორებული მწერალია. დღეში მილიონობით სასიყვარულო, სენტიმენტალურ ისტორიებს იგონებს, წერილებს წერს და ძალიან მარტოსულია. აი ისე, დაახლოებით, ხალხით სავსე ლიფტში რომ დგახარ და იმდენად მოწყენილი ხარ, მოწყენილი სიმღერაც აღარ გსიამოვნებს.


პერსონაჟებისთვის მარტოობის შესამსუბუქებლად „მიშველე“ ოთახებია შექმნილი – ოპერატიული სისტემა, რომელიც შეეცდება ყველა შენი სურვილი დააკმაყოფილოს, იქამდე, სანამ მოგინდება რომ უთხრა. იმიტომ რომ ის ზუსტად ისეთია, როგორიც გინდა, მისი შემქმნელების გათვლაც ესაა, იმდენად ახლოს იყოს შენს სურვილებთან, ვერასდროს შეძლო მასთან განშორება.


ფილმი 2013 წელს, სპაიკ ჯონსის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით გაჯერებული სურათი, მოგვითხრობს თეოდორის შესახებ, რომელიც ოპერატიულ სისტემას ყიდულობს, საპირისპირო სქესის ხმით და ისტორიაც აქედან იწყება.


რეალურად ჩვენ ყველანი “თეოდორები” ვართ, და ხშირად ვაღიარებთ კიდეც როგორი უსუსურები ვიქნებით სმარტფონისა და ლეპტოპის გარეშე, რომელიც თან გვაკავშირებს მთელ მსოფლიოსთან და თან საოცრად გვაშორებს.


ფილმში ბევრ ფილოსოფიურ კითხვასა თუ ფრაზას შევხვდებით – ვინ ვართ, ვინ გვინდა რომ ვიყოთ, საით მივდივართ. თუმცა ვერ გეტყვით რომ ფილმის დასასრულს ამ ყველაფერზე პასუხს მივიღებთ, რადგან ვერც სცენარისტი და ვერც სცენარისტის მიერ შექმნილი “თეოდორი” ჩვენს მაგივრად ვერ გვიპასუხებს კითხვაზე. პასუხისთვის სმარტფონები გვერდით უნდა მოვისროლოთ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს და რეალურ ურთიერთობებს.


როდესაც თეოდორი ოპერატიულ სისტემას ყიდულობს, ოპერატორი მას სხვადასხვა კითხვას უსვამს და მათ შორის სთხოვს დაახასიათოს დედასთან მისი ურთიერთობა. პირდაპირ კავშირებს არ დაგანახებთ, მხოლოდ მინიშვნებებით ვილაპარაკოთ, ასე უფრო მომწონს.


ფილმი გარდა იმისა რომ შინაარსობრივად არის საკმაოდ საინტერესო, აქვს საოცარი ვიზუალი და მუსიკა, მას სოფია კოპოლას 2003 წელს გადაღებულ “თარგმანში დაკარგულებს” ხშირად ადარებენ და ვფიქრობ, არც თუ უსაფუძვლოდ. თან თუ გავითვალისწინებთ რომ სოფია კოპოლა და სპაიკ ჯონსი ცოლ-ქმარი იყვნენ და სწორედ 2003 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. სპაიკ ჯონსთან თუ თეოდორი ძალიან მარტოსულია და მხოლოდ ოპერატიულ სისტემასთან, ანუ თავის თავთან შეუძლია ურთიერთობა, “თარგმანში დაკარგულში” მთავარი პერსონაჟი იმდენად განებივრებულია საზოგადოების ყურადღებით, ცნობადი სახეა, რომ მათთგან გაქცევა უნდა.


მისტერ ბობ ჰარისი, გათხოვილ და საკუთარ ქორწინებაზე დაფიქრებულ ქერათმიან ფილოსოფოს შარლოტას გაიცნობს და მათი საინტერესო თავგადასავალიც იწყება. შარლოტას მსგავსად, კინო ვარკვლავი ჰარისიც უკმაყოფილოა საკუთარი ქორწინებით, ბავშვის დაბადებით და იმით, რომ მისი ცოლი მთელ დროს ბავშვებს უთმობს. ამ მიზეზით ახსნილი ურთიერთობის გაფუჭება ჩემთვის ცოტა არასასიამოვნოა, რადგან გამოდის თითქოს ჰარისი მართალია. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სხვანაირადაა – ბავშვზე ორივე მშობლის პასუხისმგებლობა დედამ აიღო, რადგან ჰარისი ყოველთვის დაკავებულია. თუმცა ეს ფილმი, ამაზე არ არის.


ფილმებს შორის სხვაობა ათი წელია და სოფია კოპოლა ქორწინებაში გაჩენილ პრობლემებზე, გაუცხოებასა და ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ცხოვრების რთულ მომენტში ჩვენი თავშესაფარია. ხოლო სპაიკ ჯონსი, ათი წლის შემდეგ, ქორწინების შემდგომ დეპრესიაზე, საზოგადოებისგან გაქცევის სურვილზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, და იმაზე, რომ ადამიანს ყოველთვის უნდა, იპოვნონ.


მაგრამ მთავარი ის კი არ არის სხვამ გიპოვოს, ეს შენთვითონ უნდა გააკეთო, ხოლო როცა ეს მოხდება, როცა შენს თავს გაიცნობ და გაიგებ – ყველაფერი გაგიადვილდება. მათ შორის განშორებაცა და შეგუებაც.


ძალიან რთულია ზღაპრიდან რეალურ სამყაროში დაბრუნება, ეს არ არის ნამდვილი სიყვარულის ისტორია, ეს გადარჩენის ისტორიაა.


ფაქტობრივად ორივე ფილმს ერთი და იგივე მესიჯი აქვს, სხვადასხვა ეფექტებით, ლამაზი კადრებით, მუსიკით და მუდმივად განმეორებადი ფრაზებით – ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? სად მივდივართ? რა გვინდა სინამდვილეში….


ჰოდა, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ სპაიკ ჯონსის “ის” და სოფია კოპოლას “თარგმანში დაკარგულები”,იცით რაც იქნება ჩემი რჩევა.


P.S. “თვლითმკვლელი ქალწულებიც” ნახეთ.

უყურეთ ფილმებს movie.ge -ზე.

ავტორი: ია კელერმანი