მაყურებლის ბლოგი: “ბოშა / Gypsy”, თრილერი, დრამა

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ვსაუბრობთ Netflix-ის 2017 წლის სერიალზე “ბოშა / Gypsy”, რომლის მთვარი პერსონაჟიც, ფსიქოტერაპევტი ჯინ ჰოლოვეია.

ფილმისა თუ სერიალის სისუსტეზე არ მიუთითებს ფაქტი, როცა წინასწარ ვხვდებით, როგორ განვითარდება სიუჟეტი. ყოფით მოტივებზე აგებული სცენარის წინასწარი შეგრძნება, შენ მიერ ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნასა და ცოტაოდენ სიგიჟეზე მიუთითებს.


ჩვენ ხშირად ვიტყუებით და ამას, ხან საკუთარ თავზე და ხანაც სხვაზე ზრუნვით ვამართლებთ და როცა პერსონაჟი პირველივე წინადადებიდან გვაფრთხილებს, რომ სიმართლეს ვერცერთი სერიიდან ვერ გავიგებთ – ვაცნობიერებთ, რომ არაფერია მართალი და ყველაფერი ჩვენი წარმოსახვის ნაწილია. რომ ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვნება, ჩვენზევეა დამოკიდებული.


ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სეზონია გადაღებული და მასში ათი სერიაა. თითოეული სერია, რაღაც გარკვეული მესიჯის მატარებელია. ყოველი სერია საკუთარი თავის შესახებ, მეტ და მეტ ტყუილს გვიმჟღავნებს და ვემსგავსებით იმ “ბოშას”, რომელმაც საცხოვრებელი ადგილი ვერსად ნახა; ვერ იპოვა საკუთარი თავი და გზადაგზა აგროვებულ ფერად-ფერად ნაჭრებში აიბლანდა. ბოლოს კი ზურგზე დაწოლილ დიდ გორგალს დაამსგავსა.

მარტოობაზე უარესია, როცა შენს თავს ატყუებ. საკუთარი თავის მოტყუებას კი სხვისი კეთილდღეობის სურვილით ვეღარ გაამართლებ.

“სჯობს სხვისთვის იცხოვრო, ვიდრე საკუთარი პრობლემები მოაგვარო” – რამდენ ადამიანს დააფიქრებს ფრაზა, რომელიც მუდმივად საკუთარი ცხოვრების გვერდით გადადებას, სხვების ცხოვრებით ცხოვრებას და ქმედების მათზე გადაბრალებას ითვალისწინებს.


ღმერთმა ადამიანს დააჯერა(ან ადამიანებმა დავიჯერეთ), რომ აქვს თავისუფალი ნება და ამის განსახორციელებლად სამყაროში გადმოისროლა, სადაც ყველა ადამიანი ერთმანეთის მოტყუებას და გაკონტროლებას ცდილობს. სწორედ აქ ვქმნით ორმაგ ცხოვრებას, სადაც ცოტათი მაინც ვემსგავსებით ჩვენს ნამდვილ თავს.


ჯინს, რომლის როლსაც სერიალში ნაომი ვოთსი ასრულებს ჰყავს ქმარი და ცხრა წლის გოგონა. თავის ცივად მოწყობილ კაბინეტში, დღეში რამდენიმე პაციენტს უსმენს და მათ ცხოვრებაში უხეშად ერევა. ვერ ვიტყვით, რომ საკუთარი ცხოვრება ავიწყდება, თუმცა მის ბევრ ცხოვრებაში, მათთვის ადგილს ყოველთვის პოულობს. ერთი შეხედვით “ბოშა”, ჩვეულებრივი ფისქოთერაპევტის ცხოვრებას მოგვითხრობს. თანდათან კი ყველაფერს ისე ხლართავს, ვერ ვხვდებით რა არის სიმართლე და რა არა.


ჯინი პროფესიულ შეცდომებს აბებთან ერთად ყლაპავს და პაციენტების ახლობლებს უმეგობრდება. ორსახოვანი ფსიქოთერაპევტის მეორე ცხოვრება ბარებში, ხანდახან თმის სალონებში და ხანაც ჩუმად ნაქირავებ ბინაში – სახელ დაიანა-ში ერთიანდება და გრძელდება, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული , მათ შორის მუდმივ ტყუილებსაც.


საინტერესო პერსონაჟია ჯინის ქმარი მაიკლი და მისი მდგომარეობა, როდესაც ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცნობს მის გვერდით მყოფ ადამიანს.


ჯინი და მაიკლი, იმ საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც ძირითადად ბედნიერ ოჯახებს ამოფარებულები ცხოვრობენ. პარალელურად კი რეგისტრირდებიან სხვადასხვა გაცნობის საიტებზე. მაიკლის აზრით, ეს ოჯახს საფრთხეს არ უქმნის, რადგან მათ სექსუალურ ცხოვრებას ექსპერიმენტები არ აკლია. თუმცა ეს არ არის ყველაფერი რაც ჯინს უნდა. მასში არსებული სწორთმიანი “დაიანა” მეტს და მეტს ითხოვს.

სერიალში მოქმედების დიდი ნაწილი, ჯინის კაბინეტში ვითარდება და რეალურად სწორედ ეს კაბინეტი და მისი პროფესიაა ისტორიის თავი და თავი. მოვა დრო, როცა ჩვენს ქვეყანაშიც, ძალიან ბევრი ადამიანი გადაწყვეტს, ემოციური დახმარება ფულის სანაცვლოდ მიიღოს და არავინ განიკითხოს ის. თუმცა რამდენად დაცულები ვართ, რომ ვინმე ჩვენს ისტორიას, ჯინის მსგავსად, სათავისოდ არ გამოიყენებს? რთულია ენდო. ამიტომაც ჯინის პაციენტებიც პატარ-პატარა საიდუმლოს თავისთვის იტოვებს და თავის მდგომარეობას ბოლომდე არ გასცემს.


ჯინის მოვალეობა მხოლოდ ერთი მხარის პრობლემებისა და პრეტენზიების მოსმენაა, თუმცა ის თვლის რომ თუ რამის გამოსწორება გვინდა, მეორე მხარე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ასე აღმოვფხვრათ პრობლემა. თუმცა ზღვარს არასდროს უნდა გადავაბიჯოთ და სხვის ისტორიაში არ ავბლანდოთ საკუთარი თავი.
სერიალი ფსიქოლოგიის, საიდუმლოებებისა და თავგადასავლების მოყვარულ მაყურებელს ძალიან მოეწონება. შემოდგომა საუკეთესო დროა ჩავაქროთ შუქი, ფეხებთან პლედი ამოვიკეცოთ და ცხელი ყავით/ჩაით და ჩავუჯდეთ სერიალ „ბოშას“ ქართული გახმოვანებით, მხოლოდ movie.ge -ზე.

ავტორი: ია კელერმანი