მაყურებლის ბლოგი: “იყო ჯულია / Being Julia”

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

                           

რამდენიმე წლის წინ, როდესაც თეატრის შესახებ ფილმს ვეძებდი, წავაწყდი ფილმს სახელად „იყო ჯულია’’ , რომელიც სომერსეტ მოემის გადასარევი წიგნის „თეატრი“-ს მიხედვით, 2004 წელს იშტვან საბომ გადაიღო. მასში მთავარ როლებს ანეტა ბენინგი და ჯერემი აირონსი  ასრულებენ.

ფილმი წარმატებული  წყვილის – ჯულიასა და მაიკლის თანაცხოვრებისა და ჯულიას ახალი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ვისაც სომერსეტ მოემის „თეატრი“ წაკითხული გვაქვს – მასში ძალიან კარგად ჩანს ის გზა, რომელიც წყვილმა დიდების მწვერვალამდე გაიარა – თუ როგორ უყვარდება ჯულიას, ცივი, ინგლისელი კაცი მაიკლი, შემდეგ როგორ უცივდება გრძნობები მის მიმართ დღითიდღე და სწორედ ეს მდგომაარეობაა მათი წარმატების გარანტი. დაახლოებით ასე – როდესაც კარიერა და მითუმეტეს თეატრალური კარიერა უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს, თეატრთან ერთად, სხვა ადამიანი ვერ გეყვარება, იმდენად იპყრობს შენს გონებასა და სულს. ამიტომაც არჩევანი უნდა გააკეთო. მაიკლმა და ჯულიამ ფაქტობრივად გარიგება დადეს, მათ თეატრს თავისი ახალგაზრდობა აჩუქეს, ხოლო თეატრმა ისინი მიიღო.  რადგან ცოტა არაა ადამიანი , ვისაც თეატრში ყოფნისას, საკუთარი თეატრის გახსნის სურვილი არ გასჩენია, თუმცა  ისეთი ადამიანი კი ნამდვილად ცოტაა, ვისაც ეს გამოუვიდა.  საქმემ შეიძლება ისე გადაგიყოლოს, ერთ დღესაც აღმოაჩინო, რომ მხოლოდ წარსულის გახსენება შეგიძლია, ხოლო წარსულს ისეთი ადამიანები იხსენებენ, რომელთაც მომავალი არ აქვთ.

წიგნშიცა და ფილმშიც აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ როგორ იბრძვის წყვილი საკუთარი თეატრის შექმნისთვის; როგორ ხდება მათთვის, სამსახიობო სფერო ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ ავიწყდებათ თავიანთი თავი. რაც, რა თქმა უნდა თავს იჩენს და თუ როგორ ამას ფილმშიც ნახავთ და წიგნშიც წაიკითხავთ.

ერთ ადამიანს მეორე ადამიანისგან განთავისუფლება, მხოლოდ მისდამი გრძნობების გაქრობით შეუძლია. როდესაც იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც აქამდე აღმერთებდი, ვნება და სიყვარული გიქრება – თავისუფლდები და მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი. ამ დროს მარტივია იფიქრო საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე, შეინარჩუნო სიმშვიდე, ფეხებში სიმყარე იგრძნო.. თუმცა წარსულის გახსენებისას, ყოველთვის ინანო, რომ პარტნიორის სიცივემ შენში ადამიანური სისუსტეები და გრძნობები გააქრო, სამაგიეროდ მოგცა ის, რაც ორივეს გინდოდათ – სიყვარულის ერთი ობიექტი – თეატრი, საოცარი და მაგიური სამყარო.

მუდმივად სხვადასხვა როლის, ძალიან კარგად შესრულებით, საკუთარი ცხოვრების როლი სადღაც ჰაერში ეკიდება და მხოლოდ ხანდახან შეუძლია ხელი დაგიქნიოს, თავი შეგახსენოს. წარმატების გზაზე მიმავალს, ნამდვილი სურვილები შორიახლოს მიმოფანტული გრჩება და ყოველდღიური მაკიაჟის საბურველში ეხვევა შენი უკვე „დაბერებული“ და გასული დრო.

საკმარისია! ჯულიას რაღაც ახალი სჭირდება, სხვა სცენა , ბედნიერად ასპარეზობისთვის და რა ხდება მაშინ , როცა ჯულია სხვა სცენაზე იწყებს თამაშს – ამას აუცილებლად გაიგებთ, როდესაც ფილმს ნახავთ და შემდეგ  აუცილებლად მოგინდებათ წიგნის წაკითხვაც.

საინტერესო თავგადასავალი გელით , მაგიური, თეატრის სამყაროში, რომელიც თქვენგან საკუთარ თავს ბოლომდე ითხოვს.

უყურეთ ფილმს Movie.ge -ზე. ფილმის სანახავად დააკლიკეთ სათაურს:   იყო ჯულია / Being Julia

ავტორი: ია კელერმანი