მაყურებლის ბლოგი: “The OA – Original Angel”

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

თანამედროვე და მომავლის მეცნიერული მიღწევები და ამოცანები, არაერთი ფილმის თუ სერიალის ინსპირაცია გახდა. მათ შორის ერთ-ერთი, ჩემი საყვარელი სერიალია – „THE OA –ORIGINAL ANGEL“, მოულოდნელი და გაურკვეველი ფინალით. რომელიც, როგორც მთელი სეზონის მსვლელობისას, გვიჩენს ახალ-ახალ საფიქრალს, ისევე საშინლად დაინტიგებულებს გვტოვებს სეზონის ბოლოსაც, როცა ყველა კარტის გახსნას ველოდებით და სცენარისტი დასტას თავიდან ჩეხს.

ამერიკული დრამა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და  ფენტეზის ელემენტებით,  ეკრანებზე 2016 წლის დეკემბერში გამოვიდა. ამ ეტაპზე სერიალის მხოლოდ ორი სეზონია გამოსული(თითოეულ სეზონში რვა სერიაა). “The Oa”,  Netflix-ის პროექტია და მათი ანონსის მიხედვით, მესამე სეზონის გამოსვლაც იგეგმება. შემქმნელები და პროდიუსერები ბრიტ მარლინგი და  ზალ ბეტმენგლიჯია. მთავარ როლებს ასრულებენ: ბრიტ მარლინგი, ჯეისონ აიზეკი, ემორი კოჰენი.

სერიალის დასრულების შემდეგ, გონებაში ორ ვერსიას ვაანალიზებდი:

პირველი – სცენარისტები ორი სეზონის განმავლობაში კუბიკის რუბს აწყობდნენ და ბოლო სერიაში იმდენად აიბლანდნენ, ამბავი ვეღარ დაასრულეს და კუბიკს ხელით მიაწებეს სხვადასხვა ფერები.

მეორე – ამბავს დასასრული არ აქვს, ისევე როგორც არ ვიცით როდის ექნება დასასრული  სამყაროს და ადამიანურ შესაძლებლობებს. მეორე სეზონის ერთ-ერთი სიმბოლო, რუსული სათამაშო „მატრიოშკას“, რომელშიც ფიგურების განთავსება დაუსრულებლად შეგიძლია. ასეთივე დაუსრულებელია სამყარო, რომელშიც გადმოსროლილი ადამიანი ისეთივე უსუსურია თავიდან, როგორც დოქტორი პერსის საცდელი ობიექტები.

ისტორია პრაირი ჯონსონის გაუჩინარებით იწყება, რომელსაც სამყაროს აღქმა მხოლოდ ხელების მეშვეობით შეუძლია. საოცარი ამბების თავი და თავი კი ერთი თავზეხელაღებული პროფესორია, რომელსაც სახლის სარდაფში ადამიანები ჰყავს დამწყვდეული, მათზე ექსპერიმენტებს ატარებს და დროში მოგზაურობისთვის ამზადებს. განსაზღვრული მოქმედებების შესრულების შემდეგ, ხუთ ადამიანს, დროში მოგზაურობა შეუძლია. ისინი იცვლიან სხეულს, დროს, ქვეყანას, მაგრამ ძირითადად ცნობიერება იგივე რჩებათ, რომელსაც ემატება იმ ადამიანის ცნობიერება, ვის ცხოვრებასა და სხეულსაც ირგებენ ანუ ფაქტობრივად, ერთ სხეულში ორი ადამიანი ცხოვრობს.

დოქტორის ფანტაზიები ადამიანებს სცდება და საბოლოოდ ექსპერიმენტის შესასრულებლად არა ხუთ ადამიანს, არამედ ხუთ რობოტს იყენებს და აქ ადამიანების მნიშვნელობის გაქრობაზე ვიწყებთ ფიქრს, თუმცაღა სერიალი იმ იდეასაც ავითარებს, რომ სუპერ-პროგრამირებული რობოტებიც კი მოაზროვნე არსებებთან ვერაფერს ვერ გახდებიან.

სერიალის მსვლელობისას მუდმივად ფიქრობ როგორ გაკონტროლებს სამყარო, როგორ გმართავს ერთდროულად ცნობიერი და არაცნობიერი, როგორ გაწუხებს საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები და როგორ სიამოვნებით გადასახლდებოდი სხვა ადამიანების სხეულში. გიჩნდება ეჭვი, რომ არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც შენი სიზმრების შექმნაზე მუშაობს და არასდროს არ ხარ მარტო მაშინაც, როცა მარტო ხარ.

სერიალში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მედიუმებს ერთდროულად ვაწყდებით. პირველ სეზონში პრაირი ჯონსონი,  სკოლის ხუთ მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს უკავშირდება და მათი საშუალებით ცდილობს გახსნას, სხვა სამყაროსთან დასაკავშირებელი პორტალი. ხოლო მეორე სეზონის  მთავარი თემა, არის კომპიუტერული თამაში – „სახლი“ , რომელიც ინჟინერმა და მედიუმმა ცოლ-ქმარმა ერთად შექმნეს. პრაირი, რომელიც ამ დროისთვის ნინა აზაროვაა, FBI-ს აგენტ ქარიმ ვაშინგტონთან ერთად, ცდილობს ამ სახლიდან დაიხსნას ერთ-ერთი დაკარგული გოგონა. ოღონდ ეს ყველაფერი სხეულის კი არა სულის დაკარგვით ხდება.  სხეული თავის ადგილასაა, ხშირ შემთხვევაში კვდება კიდეც, ხოლო სული აგრძელებს სხვა სხეულებში ცხოვრებას. ნინა და ქარიმი გოგონას სულს გამოიხსნიან და დააბრუნებენ თავის სხეულში. თუმცა ამით არ მთავრდება ყველაფერი, მეორე სეზონის, ბოლო სერიის უკანასკნელ ათ წუთში ყველაფერი ირევა, თავდაყირა დგება. სწორედ ამ არეულის დალაგებას მიეძღვნება სავარაუოდოდ მესამე სეზონიც.

უყურეთ movie.ge-ზე – დააკლიკეთ სათაურს: The OA

ავტორი: ია კელერმანი