აკირა კუროსავა – იაპონელი კლასიკოსის 57 წელი კინოში

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

კინომოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი იაპონური კინოს მაყურებლებისთვის არ იქნება ახალი, რომ ჰოლივიუდური „შესანიშნავი შვიდეული“ სწორედ იაპონელი, ოსკაროსანი რეჟისორის აკირა კუროსავას „შვიდი სამურაის“ ამერიკული რიმეიქია.

აკირა კუროსავა 1910 წლის 23 მარტს, ტოკიოში, ძველი სამურაების ოჯახში დაიბადა და გვარის გავლენით, ადრიდანვე დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებით, თუმცა მოგვიანებით ხატვამ გაიტაცა და სწავლობდა კიდეც ხელოვნების აკადემიაში, სანამ მის ცხოვრებაში არ გაჩნდა კინო. 1936 წელს, გაზეთში ნანახი ვაკანსიის შემდეგ, რეჟისორ კაძირო იმამამოტოს ასისტენტი გახდა და სცენარების წერა დაიწყო. ბავშვობის დროინდელი გატაცება – ფერწერა კი კინოში მისი ერთ-ერთი მახასიათებელი გახდა. კინორეჟისორი ფილმებისთვის, ჩანახატებსაც თვითონ ქმნიდა.

აკირა კუროსავას კინო, იაპონური კულტურის მოტივებზე აგებული, კრეატიული და თავისუფალი, განსხვავებული სურათია. მისი პირველი ფილმიც „ძიუდოს გენიოსი“ იყო, რომელიც რეჟისორმა 1943 წელს გადაიღო. 1944 წელს გადაღებული მომდევნო ფილმის, „ყველაზე ლამაზების“ მთავარი როლის შემსულებელი იაგუტი ეკო კი მისი მეუღლე და ორი შვილის დედა გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონური კულტურის გავლენა დიდია, კუროსავა აღფრთოვანებული იყო დასავლური დრამებით და რუსული კლასიკური ლიტერატურით. შექსპირის ტრაგედიების მიხედვით შექმნა „ტახტი ნისლში“, გორკის „ფსკერზე“ და დოსტოევსკის „იდიოტი“. ყველა ეკრანიზაციაში, მოქმედებაც იაპონიაში ვითარდება.

როგორც ამბობენ, აკირა კუროსავასა და ტასირო მაფუნეს ტანდემი(რეჟისორმა ეს უკანასკნელი 16 ფილმში ათამაშა), ყველაზე გამორჩეულია იაპონური კინოს ისტორიაში. მაფუნეს შესრულებით, პირველმა ფილმმა „მთვრალი ანგელოზები“ რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. თუმცა მათი თანამშრომლობის ყველაზე გამორჩეული და არაორდინარული მაგალითი, რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის „უსიერ ტყეში“ მიხედვით გადაღებული „რასიომონია“, რომლითაც რეჟისორმა, იაპონური კინოს სტილი შეცვალა. ამბობენ, რომ ამ ფილმში კოკისპირული წვიმაც ისეთივე მრავლისმთქმელია, როგორც პერსონაჟები. ფილმი მაღალი კლასის ოპერატურული ნამუშევარია და ასურათებს კონცეფციას – არ არსებობს ერთი კონკრეტული სიმართლე, რომლითაც კაცობრიობა იხელმძღვანელებს. მაფუნესა და კუროსავას თანამშრომლობა, 1960-იან წლებამდე გაგრძელდა. მანამ სანამ რეჟისორის ცხოვრებაში კრიზისული ეტაპი არ დადგებოდა, რის გამოც კუროსავამ 1971 წელს, თვითმკვლელობაც კი სცადა.

1960 წელს აკირა კუროსავამ საკუთარი კინოსტუდია „კუროსავა პრო“ დააარსა. მოგვიანებით კი, 1969 წელს კინოშიტა კეისუკესთან, იტიკავა კონთან და კობაიში მასაკისთან ერთად დააარსა კომპანია „ოთხი მხედარი“, სადაც გადაიღეს რეჟისორის ფილმი „დოდესკადენი“, რომელზეც ოდნავ ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

1965 წელს, ახალმა ფილმმა „ჟღალი წვერი“ რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მალევე გამოვიდა მისი ფილმის „შვიდი სამურაის“ ამერიკული რიმეიქი. ამის შემდეგ კუროსავა, ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანმა პროდიუსერებმა ჰოლივუდში სამუშაოდ მიიწვიეს – ფილმის „ტორა, ტორას“ გადასაღებად, რომლითაც კუროსავას ჰოლივუდურ ტრიუმფს წინასწარმეტყველებდნენ. გადაღებები დაიწყო კიდეც, თუმცა რეჟისორმა მკაცრი ხელშეკრულების პირობები დაარღვია და იაპონიაში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დოდესკადენის“ გადასაღებად დაბრუნდა. ამერიკული კინოსამყაროს წარმომადგენლებმა აკირა კუროსავა დაბლოკეს არამხოლოდ ამერიკაში, არამედ იაპონიაშიც. წარუმატებელი აღმოჩნდა ფილმი „დოდესკადენიც“, რომელიც მხოლოდ საბჭოთა კავშირის კინოეთეატრებმა აჩვენეს, შეცვლილი სახელით „ტრავმაის ბორბლების ხმაურში“ და ფერადი კინო, შავ-თეთ ეკრანზე გაუშვეს. მალევე კუროსავას საბჭოთა კავშირში მიიწვიეს. რეჟისორმა ვლადიმირ არსენიევის, “დერსუ უზალას“ გადაღება დაიწყო, რასაც რეჟისორის რეაბილიტაცია მოჰყვა, მათ შორის ჰოლივუდშიც, თუმცა კუროსავამ იაპონიაში დარჩენა და მოღვაწეობა არჩია.

77 წლის კუროსავა, სენტიმენტალურ და იმედით სავსე წერილს წერს ინგმარ ბერგმანს:

“იაპონიაში, მეიძის ეპოქაში (მე–19 საუკუნე) ერთი დიდი მხატვარი ცხოვრობდა, სახელად ტესაი ტომიოკა. ახალგაზრდობისას შესანიშნავ ნახატებს ქმნიდა და როდესაც ოთხმოც წელს მიუახლოვდა, უცბად ისეთი ნახატების ხატვა დაიწყო, წინა ნამუშევრებს რომ ბევრად აღემატებოდა, თითქოს ახალი აყვავების ხანა დადგა მის შემოქმედებაში. ყოველთვის, როცა მის ნახატებს ვუყურებ, კარგად ვაცნობიერებ, რომ ადამიანს არ შესწევს იმის უნარი, შექმნას ნამდვილად კარგი ნამუშევრები, სანამ ოთხმოც წელს არ მიაღწევს.

ადამიანი იბადება ჩვილად, შემდეგ ყმაწვილობას და ახალგაზრდობას გადის, ცხოვრების საუკეთესო პერიოდს და საბოლოოდ კი, ისევ ბავშვობას უბრუნდება, სანამ დასრულდება მისი სიცოცხლე.  ასეთია ჩემი მოსაზრება, ცხოვრების ყველაზე იდეალურ გზაზე.

ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ადამიანს, სწორედ თავისი მეორე ბავშვობის პერიოდში შეუძლია შექმნას უნაკლო ნამუშევრები, ყოველგვარი შეზღუდვებისგან თავისუფლად.

სამოცდაჩვიდმეტი წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამდვილი შემოქმედება ახლა იწყება.

1990 წელს, სიცოცხლისა და კარიერის მიწურულს, რეჟისორმა კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი გადაიღო – „სიზმრები“. რვა ნოველისგან აგებბული კინოსურათი, რეჟისორის სიზმრებითაა შთაგონებული.

აკირა კუროსავას შემოქმედებაზე შეყვარებული იყო, გენიალური იტალო-ამერიკელი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაც, რომლის აზრითაც, თუ ნობელის პრემია რეჟისურაშიც გაიცემოდა, პირველ რიგში, ის აუცილებლად აკირა კუროსავას უნდა რგებოდა.

რეჟისორს ეკუთვნის ორმოცამდე ფილმი და ჯილდოები:

  • 1952 წელი: ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის: რასიომონი“
  • 1957 წელი: ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის: დერსუ უზალა“
  • 1980 წელი: ოქროს პალმის რტო: მეომრის ჩრდილი“
  • 1980 წელი: ბაფტა საუკეთესო რეჟისურისთვის: მეომრის ჩრდილი“
  • 1987 წელი:  ბაფტა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის: „რანი“

აკირა კუროსავა გარდაიცვალა 1998 წლის 6 სექტემბერს.