“მე ვკლავ გიგანტებს” – რას გვასწავლის ფილმი, ალეგორიები

საინტერესო

უძლიერესი ფსიქოლოგიური ფილმი, დრამა, თრილერი და ფენტეზი, რომელიც უნდა ნახოთ.

მე ვკლავ გიგანტებს / I Kill Giants” არის 2017 წლის დრამის, ფენტეზისა და თრილერის ჟანრის ფილმი ჰარი პოტერის შემქმნელებისგან, რომელიც მოგვითხრობს 12 წლის ბავშვის, ბარბარა ტორსონის ისტორიას. გოგონა იტანჯება რეალური ცხოვრებით და ამიტომ ქმნის საკუთარ, ფანტაზიებით სავსე სამყაროს, სადაც გიგანტები, ტიტანები და მაუწყებლები მრავლად არიან.

 

ფილმის რეჟისორი ანდერს უოლტერია, მთავარ როლში კი მედისონ ვულფი, ზოი სალდანა, იმოგენ პუტსი და სიდნეი უეიდი არიან.

 

ფილმის მთავარი გმირი, ბარბარა ტორსონი, ცხოვრობს ხალხმრავალ სახლში, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულ ძმებთან და ძალაუფლებისმოყვარე, სახლის საქმეებისა და სამსახურისგან მობეზრებულ დასთან ერთად. გოგონას არ ჰყავს მეგობრები და არც თუ სახარბიელო დამოკიდებულება აქვს ოჯახისწევრებთან, ამიტომ, ის ძირითადად მარტოა თავისი ხელით მოწყობილ სარდაფში, ან უბრალოდ სანაპიროზე დაეხეტება და მახეებს უგებს გიგანტებს, რომლებიც, როგორც ბოლოს აღმოჩნდება, მხოლოდ მის წარმოსახვაში ცხოვრობენ, თუმცა ბარბარას მტკიცედ სჯერა, რომ ყოველ ჯერზე ის ქალაქსა და მასში მცხოვრებ ადამიანებს გიგანტებისა და ტიტანების თავდასხმისგან იცავს.
12 წლის ბარბარას სკოლაშიც პრობლემები აქვს, ბულინგის მსხვერპლია და მისი ფსიქოლოგი, მის მოლიც უშედეგოდ ცდილობს გოგონას ცხოვრების მოწესრიგებას.
თუმცა, როგორც ფილმიდან ჩანს, ბარბარა ძლიერი გოგონაა, შეუპოვრად ხვდება ჩაგვრას უფროსკლასელი ტეილორის მხრიდან და ხშირად საკადრის პასუხსაც სცემს მას.
ბარბარას თქმით, მისი ასაკის ბავშვები სულელები არიან და სულელური რაღაცები აინტერესებთ, ტელევიზორი ან ძვირიანი ტანსაცმელები, მას კი მნიშვნელოვანი მისია აკისრია, ქალაქი გიგანტებისგან უნდა იხსნას თავისი მაგიური “კოვლისკის” დახმარებით.
ფილმის დასაწყისშივე ვეცნობით გოგონას სახელად სოფია, რომელიც ახლახანს გადმოვიდა ინგლისიდან ამერიკაში საცხოვრებლად და სურს პატარა ქალაქში მეგობრები გაიჩინოს. მისი მეგობარი კი ბარბარა აღმოჩნდება, რომელიც გაანდობს საიდუმლოებს გიგანტებსა და ტიტანებზე, მოუყვება მათ ისტორიებს და შეუშვებს თავის სამყაროში, რომელიც მას რეალური ჰგონია, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია.
როგორც ფილმის ბოლოს აღმოჩნდება, პატარა ბარბარა ადრეულ წლებში დედასთან ერთად ახმოვანებდა ბეისბოლის თამაშებს (ბეისბოლის მიმართ ბარბარას დამოკიდებულება განსაკუთრებულია, იგი არ საუბრობს ამ სპორტზე და არც ფიზკულტურის გაკვეთილზე თამაშობს მას), სადაც ამ სპორტის ვარსკვლავი კოვლისკი გუნდის, სახელად “გიგანტები”–ს წინააღმდეგ მოიპოვებს უდიდეს წარმატებას. როგორც აღმოჩნდება, მისი ეს დაუოკებელი სწრაფვა და ლტოლვა ქალაქის გადარჩენისკენ, მხოლოდ ქვეცნობიერულ დონეზეა რეალური, ეს ინფორმაცია კი მას დედასთან ერთად გატარებული პერიოდის შემდეგ ჩაელექა გონებაში.
ბარბარას დედა მძიმე ავადმყოფია, გოგონას კი დედის ნახვა წლების მანძილზე არ შეუძლია, მას არ შეუძლია აიძულოს თავს მშობლის ნახვა ასეთ მდგომარეობაში, ამიტომ არც კი შედის დედის ოთახში და მონატრებას გონებაში ამღვრეული მოგონებებითა და გიგანტებზე ნადირობით იკლავს. ეს ნადირობა თითქოს მისი მსხვერპლია, მისი ვალდებულება და მოვალეობა, რომ დედა ნახოს, თუმცა, რადგან ამას ვერ ახერხებს, გამოგონილ სამყაროში, რომელიც უკვე მისთვის ცხადი ხდება, კლავს გიგანტებს.
ფილმი მთავრდება და ბარბარა დგამს ნაბიჯს, რომ მოინახულოს დედა, უბოდიშებს მას და თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. მისი გამოგონილი სამყარო კი უბრალოდ ბავშვურ მოგონებად იქცევა, გოგონა იწყებს სრულფასოვან ცხოვრებას.

 

ალეგორიები:

გიგანტები – ის დაბრკოლებები, რომლებიც ბარბარამ უნდა გადალახოს, რომ საკუთარ თავს მოერიოს და დედასთან შესვლა შეძლოს, ასევე წარსული, რომელიც არ გვაძლევს მოსვენებას. ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით დაბრკოლებებს ჩვენი წარსულის სახით, რომლებიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ, თუ სრულფასოვანი ცხოვრება გვინდა.

კოვლისკი – დამხმარე ძალა, რომლითაც გოგონა გიგანტებს ებრძვის. მიუთითებს იმაზე, რომ ყოველთვის საჭიროა რაღაც, რაც ცხოვრების გაკვალვასა და დაბრკოლებების გადალახვაში დაგვეხმარება, ის ასევე წარმოადგენს წარსულის გადმონაშთს და იმის გათვალისწინებით, რომ კოვლისკი რეალურად უმოქმედოა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარსულის ვერასდროს შეებრძოლები წარსულით, ამიტომ გვჭირდება რაღაც ახალი და ეფექტური იმისთვის, რომ პრობლემებს გავუმკლავდეთ.

ბარბარას რწმენა კოვლისკისადმი – ეს აბსტრაქცია მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვწამდეს და ღრმად გვჯეროდეს იმის, რაც გვეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში, თუმცა აუცილებელია, რომ ჩვენი რწმენა იყოს საფუძვლიანი ბარბარასგან განსხვავებით.

სოფია და მისი მოქმედებანი – ბარბარას ერთადერთი მეგობარი, სიმბოლო იმისა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მარტო გაუმკლავდება ყველასა და ყველაფერს, ადამიანები ერთმანეთს აძლიერებენ და მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, საჭიროებენ გვერდში დგომას.

მაუწყებლები – ეს არსებები ფილმში ბარბარას გიგანტების სიახლოვეს ამცნობენ, თუმცა ამას პირდაპირ არ აკეთებენ, ისინი თითქოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ მასზე, ეუბნებიან, რომ სუსტია, ვერაფერს შეძლებს და ამავდროულად, აძლიერებენ მას, რადგან ცხოვრების ყოველ საფეხურზე ადამიანს ხვდება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაში რაღაც აუცილებლად შეუშლის ხელს, თუმცა ჩვენ ეს უნდა გვაძლიერებდეს.

ბარბარას ფსიქოლოგი – მის მოლი, ქალი, რომელიც ბარბარას ცხოვრების რეალურობის აღქმაში ეხმარება. დიახ, ხშირად ჩვენი ფანტაზიები და ფიქრები მავნებელია ჩვენთვის და აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც რეალობაში დაგვაბრუნებს და არ მოგვცემს უფლებას მოვწყდეთ მას.

ბეისბოლი და ბარბარას მისადმი დამოკიდებულება – ბეისბოლი არის სპორტი, რომლის თამაშებსაც ბარბარა დედასთან ერთად ახმოვანებდა. გოგონა ამ სპორტის თემას აშკარად გაურბის, მისი ფსიქოლოგი კი დაჟინებით მოითხოვს ამაზე ლაპარაკს, თუმცა უშედეგოდ… ეს აშკარა ალეგორიაა იმისა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს წარსულის გადამწყვეტი მომენტისა და ფაქტორის, მის პირისპირ უნდა დავდგეთ და გავუმკლავდეთ მას.

ტეილორი და ჩაგვრა – ბარბარას მძიმე ცხოვრებას ტეილორისა და მისი მეგობრების მხრიდან ჩაგვრაც ემატება, ასეა ცხოვრებაშიც, რთულ პერიოდებში ყოველთვის უფრო გვიმძიმს და ყოველთვის არის რაღაც, რაც სიტუაციას უფრო ამძიმებს, თუმცა, ამას თავი არ უნდა დავუხაროთ და ყველა გართულებას ძლიერნი უნდა შევხვდეთ.

ბარბარას დედა და მისი ავადმყოფობა – გოგონას დედა ალეგორიაა მომავალი პრობლემის, რომელსაც ბარბარასავით არ უნდა გავექცეთ, არამედ დავდგეთ მის პირისპირ და მედგრად გავუძლოთ სავარაუდო შედეგებს, რადგან ის გარდაუვალია.

შტორმი ფილმის ბოლოს – შტორმი არის ერთი დიდი გარდატეხის მანიშნებელი, იმ გარდატეხისა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ, ან რამდენჯერმე დგება. როგორც ბარბარას დედა ამბობს, ისინი, თავის მხრივ ლამაზებიც კი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან აუცილებელია დიდი ცხოვრებისეული შტორმი, რომლის შემდეგ სიმშვიდე ისადგურებს. როგორც ბარბარას, ასევე ჩვენც არ უნდა გვეშინოდეს შტორმის, რადგან მის შემდეგ სიწყნარე და სიმშვიდე გარდაუვალია.

ტიტანი – შტორმის დროს ბარბარა გიგანტს უნდა ებრძოლოს, თუმცა მის მაგივრად უფრო საშინელი არსება ხვდება წინ – ტიტანი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ცხოვრებისეული განსაცდელის დროს აუცილებლად იქნება ერთი დიდი, გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც უნდა გავუძლოთ, გადავიტანოთ და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენ იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია!